აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით კვლავ დასტურდება და იზრდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძალა-ირაკლი ღარიბაშვილი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო აქტის მიღებით კვლავ დასტურდება და იზრდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძალა, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, ამასთან მთავრობის მეთაური მადლობას უხდის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და კონგრესმენებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას. „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე.

კანონპროექტი განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. იგი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

Related posts

კომენტარის დამატება