პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ფრანჩესკო როკას შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა IFRC-ისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობაზე საქართველოში, მათ შორის, COVID-19-ით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მათ როლს სოციალურად დაუცველთა და ხანდაზმულთა ჰუმანიტარულ დახმარებაში. საუბარი ასევე შეეხო IFRC-ისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.

შეხვედრისას, უყურადღებოდ არ დარჩენილა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი და აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა გამოხატულია, როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მდგომარეობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის ერთგულია.

Related posts

კომენტარის დამატება