ექიმები კელი დეგნანს სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად დახმარებას სთხოვენ

სხვადასხვა პროფილის ექიმები ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბნენ ისინი მოუწოდებენ აშშ-ის ელჩს საქართველოში, ჩაერთოს პროცესში, რათა მიხეილ სააკაშვილს მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.

,,მივმართავთ ქალბატონ დეგნანს, იყოს უფრო აქტიური, რათა გადარჩეს ადამიანი, პაციენტი, რომელმაც პირველად აიმაღლა ხმა მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ. ეს მსოფლიო ჯალათი სჯის ჩვენს პრეზიდენტს, ადამიანს, რომელმაც გაიზიარა თანამედროვე სამყაროს წესები. ზუსტად ამ დემოკრატიული ღირებულების გაზიარების გამო, ის ისჯება პუტინის მიერ გაცემული სპეციალური ბრძანების მიხედვით, რომელსაც ასრულებს ეს ხელისუფლება”- აცხადებენ ექიმები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 მაისს, მოხდა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამასთან 27 აპრილს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოამზადა მორიგი დასკვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი “საკუთარ თავს ინელებს”.

ექიმები განმარტავენ, რომ ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება, ორგანიზმი იღებს კუნთების დაშლის საშუალებით, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მათი მოსაზრებით, გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ გამოიწვია  ანორექსია ანუ მადის დაქვეითება.

Related posts

კომენტარის დამატება