ადვოკატი – რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში

,,სამართლებრივ შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს და არც მე ვაპირებ ამის გაკეთებას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადი, ან დასავლეთთან ინტეგრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პასუხები გასცა ხელისუფლებამ, მწარედ ცდება. სინამდვილეში, ჩვენ დღეს ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ, იმ გლობალურ ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ. დასავლურ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში კრიტიკული მედიასაშუალებების დირექტორებს არ იჭერენ და არ დევნიან განსხვავებული აზრის გამო. რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში, მისი გათავისუფლებაც ბუნებრივია პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

თითქოს რაღაც ნაწილში გაიზიარა და ვიღაცები გაამართლა, რეალურად ამ საქმის არსი იყო გვარამიას წინააღმდეგ დევნის წარმოება, ეს ვითომ შუალედური გადაწყვეტილება სხვა ბრალდებულებთან მიმართებაში უბრალოდ საცირკო წარმოდგენის დადგმა იყო და მეტი არაფერი. ჩვენ სამართლებრივად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. სააპელაციოში არ გვაქვს მოლოდინი, რომ მიუკერძოებელი ან დამოუკიდებელი გადაწყვეტილება დაგვხვდება, როგორც ლაშა ჩხიკვაძეს დღეს არ ეყო არანაირი ღირსება და გააჟღერა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე იქნება ზედა ინსტანციებშიც, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა“, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

Related posts

კომენტარის დამატება