ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცერმა და სამსახურებრივმა ძაღლმა სახელად „დიიმ“, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი” უცხო ქვეყნის მოქალაქის ს.ფ.-ს ბარგის დათვალიერების შედეგად, 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 29 ძაღლი ახორციელებს.
პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას და დიდი ოდენობით მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა/გადაგზავნას გულისხმობს.
დანაშაული ითვალისწინებს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.