ივანიშვილი Credit Suisse-ზე საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციებს გამართავს

ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციებს გამართავს. 

PR კომპანია ​CISION-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მილიარდერი გეგმავს, ილაპარაკოს Credit Suisse-ისა და შვეიცარიული საბანკო სისტემების მუშაობის შესახებ. 

CISION-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და მეორედ აპირებს ჩივილს. სარჩელის საბაბი გახდა ის, რომ, ივანიშვილის მტკიცებით, ბანკის რწმუნებულმა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებები დაარღვია და კლიენტის კანონიერი ინტერესები არ დაიცვა. სარჩელი გერნსის კუნძულის სასამართლოში შევიდა. 

2022 წლის 4 მარტს ივანიშვილმა თანხის მიღება მოითხოვა. მოთხოვნა რწმუნებულმა მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც მილიარდერს მიაყენა ფინანსური ზიანი. 

შეფერხების მიზეზად Green Vals Trust-მა “აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო” დაასახელა. 

PR კომპანია წერს, რომ ივანიშვილი ისაუბრებს, როგორი არაეფექტურია შვეიცარიული რეგულატორის, FINMA-ს ინსტრუმენტები საბანკო სისტემაში უხეში დარღვევების თავიდან აცილებისთვის, როგორ იცავს შვეიცარიის პროკურატურა ბანკებს და ვერ ახერხებს მათ პასუხისგებაში მიცემას, ამ დროს კი ბრალს უყენებს მხოლოდ ერთ ინდივიდს, რომელსაც “მარტოხელა მგელს” უწოდებენ. 

“ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს მხოლოდ საქართველოს და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებულ ორგანიზაციებსა და პირებთან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა [ბანკის] რწმუნებულმა ვერ შეძლო ამ საჯაროდ ცნობილი ინფორმაციის დროული გადამოწმება და სავარაუდოდ, ბატონი ივანიშვილი ბანკისგან არამხოლოდ დისკრიმინაციის, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის მსხვერპლიცაა. 

ბიძინა ივანიშვილი მედიასთან თითოეულ შეხვედრას ამ საკითხებს მიუძღვნის და ახსნის შვეიცარიული საბანკო სისტემის თითქოსდა სუფთა რეპუტაციის შესახებ არსებულ მითებს. ის ისაუბრებს ბოლო დროს მომხდარ პოლიტიკურ ზეწოლაზე და იმაზე, თუ რა აღმოაჩინა ბანკის და მისი წარმომადგენლის/რწმუნებულის შესახებ”. – აღნიშნულია განცხადებაში. 

შვეიცარიული ბანკის და მისი განყოფილებების წინააღმდეგ ივანიშვილის დავა მრავალი წელია მიმდინარეობს. 2022 წლის 29 მარტს, ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელეების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სარჩელი. აღსანიშნავია, რომ სინგაპურის სასამართლო დავის შემდეგ თავს 2022 წლის სექტემბერში განიხილავს. 

Related posts

კომენტარის დამატება