„ხორბლის შემოტანას უკვე თვეებია აზრი აქვს დაკარგული იქიდან გამომდინარე, რომ საიმპორტო გადასახადი ფქვილზე ნულია, ხორბალზე კი მცურავი ბაჟია – დღეს ტონაზე 120 დოლარია, რაც დიდი სხვაობაა. აქედან გამომდინარე, თვეებია ფქვილი აგრესიულად შემოდის და ხორბალს ანაცვლებს. დღეს მივედით იმ სიტუაციამდე, როდესაც ხორბლის მარაგი, რაც ადრე იყო, ფაქტობრივად ამოწურულია და წისქვილები უახლოესი დღეების განმავლობაში ჩერდება. წისქვილების თემასთან დაკავშირებით საკითხი ამოწურულია, შეიძლება ითქვას, ყველა წისქვილი გაჩერდა. საქართველოში შემოსატანად ხორბალი შეკვეთილი არაა და შემოდის ფქვილი.
მარაგებს რაც შეეხება, გაერო-ს რეკომენდაციაა, რომ ხორბლის 2-თვიანი მარაგი უნდა იყოს და არა ფქვილის. ჩვენთან, სამწუხაროდ, არსებული სიტუაცია გაერო-ს რეკომენდაციას არ შეესაბამება – ხორბლის მარაგები საერთოდ არ გვაქვს, ხოლო ფქვილის მარაგი რამდენი გვაქვს, ეს პურის მწარმოებლების და მთავრობის საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ხორბალი ფქვილით ჩანაცვლდა, პურის ფასი მაინც გაიზარდა, წინა წელს 24%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის შემოტანა ჯერ კიდევ წინა წლის ივლისში დაიწყო. ამ წელსაც პურის ფასმა მოიმატა. ჩვენი წინადადება იყო და არის ის, რომ ფქვილის იმპორტის გადასახადს და ხორბლის იმპორტის გადასახადს შორის არსებული სხვაობის ნიველირება მომხდარიყო, არაპირდაპირი გზით. მაგალითად, საუბარი იყო ნებისმიერი სახის ინსტრუმენტზე, რაც ფქვილის იმპორტის დროს ჩაიდებოდა – ან წინა საიმპორტო ნებართვაში მოხდებოდა ამ თანხის გათვალისწინება, ან ფქვილის იმპორტის დროს გარკვეული მოსაკრებელი იქნებოდა. ამ შემთხვევაში ბიუჯეტში შევიდოდა გადასახადი ფქვილის იმპორტიდან და გათანაბრდებოდა პირობები ხორბლის შემომტან წისქვილკომბინატებსა და ფქვილის იმპორტიორებს შორის. ეს საშუალებას მოგვცემდა, რომ ფქვილის ადგილობრივ გამოშვებას, ანუ წისქვილკომბინატებს მუშაობა გაეგრძელებინათ. ამასთან, ხორბლის შემოტანის შემთხვევაში საქართველოში გამოდის არა მხოლოდ ფქვილი, არამედ ქატო. ქატოს ფასიც სერიოზულადაა გაზრდილი საქართველოში, რაცა ასევე უარყოფითი ეფექტია ფქვილის იმპორტისა. ამას ავცდებოდით და შევინარჩუნებდით სამუშაო ადგილებსაც. წისქვილკომბინატების მუშაობის შედეგად ყველა გადასახადი – ელექტროენერგიის, წყლის, საშემოსავლო, საქართველოს ბიუჯეტში შევიდოდა, დღეს კი, როდესაც იმპორტზე ვართ დამოკიდებული, შედის იმ ქვეყნის ბიუჯეტში, საიდანაც მოგვაქვს ფქვილი. ასევე ერთი საკითხია ის, რომ ხორბლის გარდამავალი მარაგები იქნებოდა ქვეყანაში, რაც მეტი უსაფრთხოების მომცემია. ასევე არის თემა, რაც რამდენიმე თვეში დადგება – ადგილობრივი ხორბლის მოსავალი მოდის უახლოეს მომავალში და ამას ვხვდებით წისქვილების გაჩერებით“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.