პირველი ციფრული ბოტასი საქართველოში დღეში დაახლოებით 220 ლარს აკეთებს. ნახეთ როგორ ხდება ეს

საქართველოში ბევრმა დაიჯერა, რომ გამდიდრების ახალი ფორმულა არსებობს: „1500 დოლარს + სიარული”. სულ ესაა? არაფერიც! ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ტრენდული აპლიკაცია STEPN-ი რამდენიმე თვეში არ გაუფასურდება. ლაშა იოსებიძე დღეში 10 წუთს სეირნობს და დაახლოებით 220 ლარს აკეთებს ამაში. პირველი ციფრული ბოტასი სამი კვირის წინ იყიდა, ცოტა ხანში მეორე წყვილიც დაამატა და ახლა უკვე დარბის კიდეც.

„ადრეც ვვარჯიშობდი, მაგრამ ამან უკვე რეჟიმში ჩამაყენა – რომც არ მინდოდეს გასვლა, გავდივარ სარბენად”, – ამბობს 29 წლის ლაშა.

პირველი წყვილი ბოტასი თავისი ფულით იყიდა, მეორე – სესხით. ორივე ერთად „6000-7000 ლარი” დაუჯდა.

დღეში კრიპტოვალუტა GST-ს დაახლოებით 25 ერთეულს გამოიმუშავებს. ეს უკვე ბევრია – დამწყებები ამბობენ, რომ ყველაზე „სუსტი” ბოტასით 4-დან 6 GST-მდე იღებენ (45-დან 70 ლარამდე).

„ბევრს არ აქვს გააზრებული, რაში დებს ფულს. რომ ხვალ შეიძლება ფული აღარ დაუწეროს. იმიტო კი არა, რომ პირამიდაა და ჩამოიშლება, არამედ იმიტომ, რომ სხვა კრიპტოვალუტებზეა და ბირჟაზეა მიბმული”, – ამბობს იგი.

რა არის STEPN-ი?

STEPN-ი მობილური აპლიკაციაა, რომლიც გიხდით ციფრულ ფულს ღია ცისქვეშ სიარულში, ძუნძულსა და სირბილში. ამისთვის STEPN-ი აკვირდება თქვენი ტელეფონის ადგილმდებარეობას და ზომავს მოძრაობის სიჩქარეს. თამაშის დასაწყებად უნდა იყიდოთ ციფრული ფეხსაცმელი. რაც უფრო „ძლიერია” ის, მით უფრო მეტი ციფრული ფულის გამომუშავებას შეძლებთ. კრიტპოვალუტა ხმარდება ფეხსაცმლის გაუმჯობესებას, ან იცვლება ნაღდ ფულში. ერთი ბოტასი თუ გაქვთ, მას დღეში სადღაც 10 წუთით გამოიყენებთ. მეტი „ენერგია“ გინდათ? დახარჯეთ მეტი ციფრული ფული. ორ ფეხსაცმელს თუ იყიდით, შეგიძლიათ ისინი შეაჯვაროთ, და შექმნათ ანუ „დამინთოთ” მესამე. ამასაც ციფრული ფული უნდა დაახარჯოთ. (ინგლისურად ზმნა to mint რკინის ფულის გამოჭრას ნიშნავს.) „დამინთულ” ფეხსაცმელს ან თავად გამოიყენებთ, ან გაყიდით. STEPN-ი ნავაჭრის 6%-ს იტოვებს. Forbes-ი წერს, რომ წინა წლის ბოლო მეოთხედში კომპანიამ 26 მილიონი დოლარის მოგება ნახა. ზოგიერთი ანალიტიკოსი უკვე აფასებს კომპანიას სულ ცოტა 1 მილიარდ დოლარად.

Related posts

კომენტარის დამატება