რუსები ტყვედ აყვანილ უკრაინელებს თავზე ტომრებს აცვამდნენ, თვალებს უხვევდნენ, ხელებს უბამდნენ და ბენზოხერხს რთავდნენ, ადამიანებს არ შეეძლოთ იმის გაგებაც კი რომელი თითისა თუ ხელის მოჭრას უპირებდნენ

ლუდმილა დენისოვას თქმით, სამხდროების ნაწილი ტყვედ მარიუპოლში აიყვანეს და მათ „კადიროველები“ აწამებდნენ.

„მათ თავზე ტომრებს აცვამდნენ, თვალებს წებოვანი ლენტით უხვევდნენ, ხელებს მაგიდაზე უბამდნენ და ბენზოხერხს რთავდნენ. ადამიანებს არ შეეძლოთ იმის გაგებაც კი რომელი თითისა თუ ხელის მოჭრას უპირებდნენ. მათ მხოლოდ ეს საშინელი ხმა ესმოდათ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ამის შემდეგ ტყვეები მიჰყავდათ ოკუპირებულ დონეცკში, სადაც ისინი წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე ჰყავდათ.

,,შემდეგ ეს ტყვეები გაჰყავდათ როსტოვში, კურსკში, ტაგანროგში, ბრიანსკში. ერთი თვის განმავლობაში მათ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები კითხავდნენ. 30 ადამიანზე 1,5 ლიტრი წყალი მოდიოდა დღე-ღამის განმავლობაში. მათ გამუდმებით ამცირებდნენ, არ გაჰყავდათ ტუალეტში“, – განაცხადა დენისოვამ.

სახალხო დამცველის თქმით, ადამიანები საჭიროებენ ფსიქოლოგიურ დახმარებას, აქვთ ბევრნაირი აშლილობა და ტყვეობის შემდეგ მკურნალობას გადიან.

დენისოვამ წამების კიდევ ერთ ხერხზე ისაუბრა, როდესაც ტყვეების ჩექმებს წყლით ავსებდნენ, სამხედროებს კვლავ ფეხზე აცმევდნენ და ყინვაში რამდენიმე დღით გარეთ ტოვებდნენ, რათა მათ კიდურები მოჰყინოდათ.

ომბუდსმენის თქმით, ამცირებდნენ ქალ სამხედროებსაც, რომლებიც მათ ტყვედ აიყვანეს.

„მათ თავი გადაპარსეს და აშიშვლებდნენ მამაკაცების თანდასწრებით“, – განაცხადა დენისოვამ.

Related posts

კომენტარის დამატება