ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ცესკომ ე.წ რეფერენდუმის მოსამზადებელი სამუშაოები შეაჩერა

ოკუპირებული ცხინვალის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. რეფერენდუმის ჩასატარებლად მზადება შეაჩერა. აღნიშნული ფაქტი უკავშირდება დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მიერ რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის შეჩერებას.

“ცესკოს მუშაობა არ შეუწყვეტია. შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან კომისია მუდმივ პროფესიულ ბაზაზე მუშაობს, კერძოდ, მისი სამი წევრი – თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი.

კანონის შესაბამისად, რეფერენდუმის დროს ცესკო ფუნქციონირებს, როგორც ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია. თუმცა რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ განკარგულების შეჩერების გამო, ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიამ პრეზიდენტის მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე რეფერენდუმისთვის მომზადებელი სამუშაოები შეაჩერა”. – თქვა ცესკოს წარმომადგენელმა.

ამასთან ერთად, ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი ლიდერის, ალან გაგლოევის მიერ რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის შეჩერებასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა. ზახაროვამ მარიონეტი ლიდერის გადაწყვეტილებას “ჯანსაღი” უწოდა. 


ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა მარიონეტმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა, მმართველობის ბოლო დღეებში, 13 მაისს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის თარიღად 17 ივლისი დაასახელა

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალან გაგლოევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას მხარს უჭერს, თუმცა მან ბიბილოვი ე.წ. რეფერენდუმის თარიღის ნაჩქარევად დანიშვნის გამო გააკრიტიკა.

აქამდე გაგლოევმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმი ცალმხრივი არაა და მის ჩასატარებლად ისინი რუსეთის მხრიდან ნიშანს უნდა დალოდებოდნენ.

“ეს არ არის ცალმხრივი პროცესი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთის ფედერაცია დაკავებულია გეოპოლიტიკური საკითხის გადაჭრით, ატარებს სეპცოპერაციას უკრაინაში ნეონაცისტური წარმონაქმნების განადგურებისთვის. ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის. როგორც კი სიგნალი იქნება, როგორც კი გავიგებთ, რომ დრო დადგა, ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ამ რეფერენდუმს”. – ამობდა გაგლოევი.

ანატოლი ბიბილოვი, რომელიც ე.წ. არჩევნებში დამარცხდა, ოკუპირებული ცხინვალის რუსეთისთვის შეერთებასა და ორი რეფერენდუმის დანიშვნას გეგმავდა. პირველი ე.წ. რეფერენდუმით, მას რუსეთთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტა სურდა, მეორეთი კი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება ერთიანი ფედერაციული სუბიექტის შექმნა.

ე.წ. რეფერენდუმის ფორმულირება კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაიწუნა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

24 მაისიდან მარიონეტი ლიდერის ფუნქციების შესრულება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ალან გაგლოევმა დაიწყო.

Related posts

კომენტარის დამატება