ბინიდან გახრწნილი ხორცის ამოღებაზე გამოძიება სისხლით ვაჭრობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანზონაში ექიმ-თერაპევტის ბინიდან გახრწნილი ხორცის ამოღების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო, რაც სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს.

უწყებაში დამატებით კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

გუშინ, 19 ივნისს პოლიციამ სანზონაში დალუქა ბინა, სადაც გახრწნილი ხორცი და ფეკალიებით სავსე კონტეინერები აღმოაჩინეს.

ადგილობრივებმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეზობლები ბინიდან უსიამოვნო სუნმა შეაწუხა.

მეზობლები ამბობენ, რომ ქალმა პოლიციას კარი არ გაუღო, რის შემდეგაც ისინი სახლში ძალისმიერი მეთოდით შევიდნენ. მათივე ცნობით, ბინაში მცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ ხორცი გაუფუჭდა და გადაყრა ვერ მოახერხა. ისინი ამბობენ, რომ ბინის მეპატრონე ექიმი-თერაპევტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ ხორცი ექსპერტიზაზე გადაიტანეს.

Related posts

კომენტარის დამატება