დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვან შვილს ქორწინებას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით მამა დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, ქორწინებას აიძულებდა.

“გოგონამ აღნიშნულის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა მიღებული შეტყობინებისთანავე შესაბამისი საგამოძიებო, ასევე საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს და ა.გ. იმავე დღეს, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში, მისი ოჯახის სხვა წევრების მიმართ კი, გამოცემულია შემაკავებელი ორდერები”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related posts

კომენტარის დამატება