ადვოკატი- თუ სააკაშვილს სურვილი ექნება და ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემს, რომ კლინიკაში გასვლითი სასამართლო სხდომა ჩატარდეს, ამ საკითხზე მსჯელობა შეიძლება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილს სურვილი ექნება და მას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს საშუალებას, რომ გასვლითი სასამართლო სხდომა ჩატარდეს, ამ საკითხზე მსჯელობა შეიძლება. თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობა არ შეუძლია.

“უბრალოდ, ამჟამინდელი მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილისთვის ტრანსპორტირება კი არ არის მხოლოდ პრობლემა, პრობლემაა მის მიერ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდება ამ ეტაპზე მათ შორის ვერც გასვლითი სხდომის ჩატარებაც. იმისთვის, რომ გასვლითი სხდომა ჩატარდეს, მთავარი არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობის მიღება შეძლოს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარდება თუ საქალაქო სასამართლოში. როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, შემდეგ შესაძლებელი იქნება ამაზე მსჯელობა”,-განაცხადა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი 9 ივნისისთვის გადაიდო. სხდომა 15:00 სთ-ზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

Related posts

კომენტარის დამატება