ახალი დეტალები შოკისმომგვრელი კადრებიდან – როგორია მოხუცის მდგომარეობა, რომელსაც ახალგაზრდები სასტიკად გაუსწორდნენ

სოციალურ ქსელში 28 ივნისს გავრცელებული, ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებს, მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ სურთ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ – ერთი ბრალდებულის დედა ამბობს, რომ ფაქტის შესახებ, ინფორმაცია არ აქვს და არც შვილის პატიმრობის მიზეზი იცის.

მედიასთან კომენტარს აკეთებენ დაზარალებული 68 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები. ისინი განმარტავენ, რომ კაცს სახის ძვლები აქვს დამტვრეული, სამკურნალოდ თბილისში, კავკასიის სამედიცინო ცენტრში იყო გადაყვანილი და ოჯახი თანამშრომლობს პოლიციასთან.

„ბევრს ვერაფერს გეტყვით, რა მიზეზით სცემეს ასე დაუნდობლად, არ ვიცით. პოლიციას უნდა მიმართოთ, ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვიცით, რომ დაკავებულები არიან. შემიძლია გითხრათ, რომ თანხას სძალავდნენ“, – განაცხადა დაზარალებულის ქალიშვილმა.

სოფელში, სადაც ბრალდებულები და დაზარალებული ცხოვრობენ, ამბობენ, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ, ახალგაზრდებს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა, რადგან მათი მხრიდან მამაკაცზე განხორციელებული ძალადობა მიუღებლად ჩათვალა.

„ჩვენთვის მიუღებელი იყო, რაც ახალგაზრდებმა ჩაიდინეს. სწორია, რომ დააკავა პოლიციამ. აქ რამდენიმე უფროსმა ადამიანმა სცემა ამ ბიჭებს, ამ კაცს რომ ასე მოექცნენ“, – ამბობს თანასოფლელი.

შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია, 68 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა.

შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა.

ფაქტის ამსახველი ვიდეო ახალგაზრდებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ ისინი მამაკაცს ფიზიკურად უსწორდებიან და აიძულებენ, მისი პატივისა და ღირსების დამცირების გზით, კონკრეტული მოქმედებები განახორციელოს.

პოლიციამ მომხდარ ფაქტზე ორი პირი დააკავა, გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის ხუთი მუხლით დაიწყო. ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

Related posts

კომენტარის დამატება