ალეკო ელისაშვილი – პრეზიდენტის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები – ”ოცნება” ევროპარლამენტარებს ისეთი გაშმაგებით ლანძღავდა, როგორც ოპოზიციონერები ჩემზე რომ იძახდნენ: ელისაშვილს რამხელა ცვირი აქვსო

პრეზიდენტის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები – “ქართული ოცნება” ევროპარლამენტარებს ისეთი გაშმაგებით ლანძღავდა, როგორც ოპოზიციონერები ჩემზე ვერაფერს რომ ვერ ამბობდნენ და იძახდნენ: ელისაშვილს რამხელა ცხვირი აქვსო – დაახლოებით ასეთ რამეს ამბობდნენ ევროპარლამენტარებზე, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილს შეფასებით, “ქართული ოცნება“ ევროპარლამენტარებზე ისე ლაპარაკს მიეჩვია, როგორც საკუთარ ოპონენტებთან არის მიჩვეული.

“მათ ნაწილს უკვე ეძახის კიდეც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არიანო. ეს რაღაც საყმაწვილო სენია, რომ იმ ადამიანებს ლანძღავ, რომელთაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოს ევროპის პერსპექტივაზე. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგაც სცოდავს, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხს და პარტიულ შიდა ინტერესებს ვერ ანსხვავებს და ამით ქართულ სახელმწიფოს შეგნებულად აზიანებენ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკას, ღმერთმა დამიფაროს, რომ საქართველოს საწინააღმდეგო ვინმეს რამე ვუთხრა – ამ კრიტიკას საკუთარ თავზე ვერ მივიღებ. არ ვიცი, ახლა ბრიუსელში ვინ და როგორ დადის ან როგორ ცდილობენ ოპოზიციიდან, რომ ეს პროცესი შეაფერხოს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ქართულ ოპოზიციაში არიან ისეთი გარეწრები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის წინ დადიოდნენ და ევროპარლამენტარებს ეუბნებოდნენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცეთო. ვიცი, რომ ასეთები დანამდვილებით არიან. ისინი ცოცხლები არიან და არ გამოვრიცხავ, რომ ისევ ესენი დადიოდნენ: საქართველოს სტატუსი არ მისცეთო.

გიორგი კანდელაკზე ამბობენ, რომ ევროპარლამენტში კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა და ევროპარლამენტარებს არწმუნებდა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ მიეცათ. ახლაც არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციიდან ვინმე იყოს ტვინარეული, მიდიოდეს და ევროპელ ბიუროკრატებს, პოლიტიკოსებს არწმუნებდეს, რომ საქართველოს ეს პერსპექტივა არ მისცენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ უმრავლესობიდან დაუფიქრებელი და არასაჭირო განცხადებები ისმის.

“ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა“, – აღნიშნავს პრეზიდენტი და დასძენს, რომ „რაღაცები არ ითქმის, რადგან ზრდილობის საკითხია“. ოპოზიციასთან მიმართებით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ ხელისუფლების შეცდომებით სარგებლობენ და ბრიუსელში დადიან“, თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლებას ეკისრება.

Related posts

კომენტარის დამატება