ანა ნაცვლიშვილი ”ქართულ ოცნებაზე” – ყველაფერს აკეთებენ, გააგონონ ევროპას, ვითომ საქართველო სხვა პლანეტაზეა და ევროპა – სხვაზე, რათა ევროპამ კარი დახუროს

“ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამას ემსახურება განცხადებები, რაც მთავრობის სხდომაზე გაკეთდა, ამას ემსახურება კობახიძის განცხადებები და ნაბიჯები, რაც იდგემება , – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეალური სურათი მარტივი დასანახია და ახლა ირაკლი ღარიბაშვილი თავის განცხადებებით ამ სურათის გადღაბნას ცდილობს.

“დღევანდელი დღის ანალიზი მკაფიოდ აჩვენებს, რომ როგორც კობახიძის, ასევე, ღარიბაშვილის მიერ დაყრილი განცხადებები არის მათი კომუნიკაციის სტრატეგია, რომ ბევრი განცხადება დაიყაროს, მერე ჩვენ ვაკეთოთ კომენტარები მათზე და ამაში გაიფლანგოს ენერგია. მთავარი კითხვა არის შემდეგი: ხელისუფლება მოქმედებს იმისთვის, რომ სტატუსი მიიღოს თუ მოქმედებს იმისთვის, რომ სტატუსი არ მიიღოს. საინფორმაციო ველის გადღაბნის მცდელობა ამ კითხვის დღის წესრიგიდან გადაჩოჩებას ემსახურება. ყველაფერს აკეთებენ, რომ გააგონონ ევროპას, რომ საქართველო არის ვითომ სხვა პლანეტაზე და ევროპა სხვაზე, რომ ევროპამ კარი დახუროს საქართველოსთვის”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, 20 ივნისს ევროპული მომავლის დასაცავად დაანონსებულ აქციაზე მისვლას გეგმავს.

მისივე განცხადებით, აქციის ფორმა და შინაარსი უნდა იყოს ისეთი, რომელიც ბევრ ადამიანს გააერთიანებს.

“მივდივარ, როგორც რიგითი მოქალაქე. ევროპული მომავალი არის თემა, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გვაერთიანებს მიუხედავად განსხვავებებისა. სწორი მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” რომ ხმას აძლევენ, ის ადამიანებიც მოვიდნენ ამ აქციაზე, რადგან 84 პროცენტი, ვინც ხმას უჭერს ევროინტეგრაციას, მოიცავს ოცნების ამომრჩეველსაც. ოცნებამ უნდა გაიგონოს ამომრჩევლის ხმას, რომ მათი დასასრული იქნება და რასაც აკეთებენ ამით ხელს უშლიან ევროპულ მომავალს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

Related posts

კომენტარის დამატება