ანა ნაცვლიშვილი – ”ქართული ოცნება” ხელს გვიშლის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი – გაფლანგა ძვირფასი 10 წელი , ბოლო კვირების განმავლობაში კი გადადგა ნაბიჯები, რათა ქვეყანა მოწყვეტილიყო სამეულს და არ მიგვეღო სტატუსი

პარლამენტში „ლელოს“ წევრი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის მხრიდან სხვისკენ ხელის გაშვერა გასაკვირი არაა, რადგან მისი პოლიტიკური ჯგუფი ყოველთვის სხვას ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას არ იღებს.

როგორც ნაცვლიშვილმა ირაკლი კობახიძის მიერ პრეზიდენტის კრიტიკაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი პარტიის ეს რიტორიკა მიზანმიმართულია.

„კობახიძის ხელის გაშვერა არ მიკვირს. კობახიძე მიეკუთვნება იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ყველას ყველაფერში ადანაშაულებს ამ ქვეყანაში, მათ შორის ცუდ და კარგ ამინდში საკუთარი თავის გარდა და არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას. ეს არის მათი მიზანმიმართული რიტორიკა. ამის მიუხედავად, მათ მოუწევთ აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რა შანსებიც საქართველომ ამ ათი წლის განმავლობაში დაკარგა და იმაზე, რაც უნდა გაეკეთებინათ და არ გააკეთეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნას დღეს გამოაქვეყნებს, როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ბოლო კვირების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ნაბიჯები, რომ საქართველო როგორმე მოწყვეტილი ყოფილიყო სამეულს და სტატუსი არ მიგვეღო.

„დღეს საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება. ველოდებით შეფასებას, ინსტიტუციური და სამართლებრივი ვითარებით სად დგას საქართველოს სახელმწიფო და არა ქართველი ხალხი და რა ხარისხშია მისი მზაობა. 24-ში კი ველოდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

რადგან საქმე ჩემს სამშობლოს ეხება, მოლოდინებში და განწყობებში სუბიექტური ვარ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რა პასუხიც არ უნდა მიიღოს საქართველომ, არ შევწყვეტთ სვლას ევროკავშირისკენ და არ შევწყვეტთ წინააღმდეგობის გაწევას რუსული პოლიტიკისთვის, რომელიც მუდმივად ცდილობს, დააბრუნოს საქართველო საბჭოთა ორბიტაზე და მოწყვიტოს ცივილიზებულ სამყაროს. ეს ბრძოლა არც აქამდე ყოფილა მარტივი და არც შემდეგ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ისტორიული არჩევანი ადრე თუ გვიან განხორციელდება. ამისთვის უბრალოდ მკაფიოდ უნდა დავინახოთ, რა და ვინ გვიშლის ხელს ქართველებს იმისთვის, რომ განვახორციელოთ ჩვენი არჩევანი, გავხდეთ ევროპული პოლიტიკური და ეკონომიკური ოჯახის წევრი. ჩემი პოლიტიკური პოზიციაა, რომ ხელს გვიშლის “ქართული ოცნება” ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც გაფლანგა ძვირფასი 10 წელი და განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში გადადგა ნაბიჯები, რომ საქართველო როგორმე მოწყვეტილი ყოფილიყო სამეულს და არ მიგვეღო სტატუსი”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

Related posts

კომენტარის დამატება