25 ივნისს, დილით, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინას 24 რაკეტა ესროლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, რაკეტები ქალაქ ჟიტომირთან მდებარე სამხედრო ნაწილებში და ქალაქის შემოგარენში ჩამოვარდა.
„ქალაქ ჟიტომირში რაკეტები არ ჩამოვარდნილა. ღამით დაიბომბა სამხედრო ობიექტები. რაკეტები თვითმფრინავებიდან იყო გამოშვებული, ბელარუსის მხრიდან. საერთო ჯამში 24 რაკეტა გაისროლეს“ – დაწერა ჟიტომირის მერმა სერგეი სუხომლინმა.
ამასთან, ჟიტომირის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბუნეჩკომ განაცხადა, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა და კიდევ ერთი დაიჭრა.
უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ბელარუსის მხრიდან სარაკეტო იერიშების საფრთხე კვლავ შენარჩუნებულია.