ბექა დავითულიანი – ვიდრე რომელიმე აქცია ჩატარდებოდა, ჩვენი პოზიცია იყოს, რომ როცა მოსახლეობის 80% ემხრობა ევროინტეგრაციას, ცუდად ორგანიზებული აქციის ჩატარება მაღალ რისკს ატარებს

ევროინტეგრაციაზე ყველა ვართ შეთანხმებული მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირებულებიც არ უნდა ვიყოთ შიდა პოლიტიკურ ველზე, ამის ფონზე აქციას რა აზრი აქვს, ვერ ვხვდები,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ გუშინდელ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი აქციასთან დაკავშირებულ რისკებზე მის ჩატარებამდე საუბრობდა.

“არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრათ, რა მიზანს ემსახურებოდა გუშინდელი აქცია, რადგან ამ ქვეყანაში ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი ცალსახად და ღიად აცხადებს, რომ ემხრობა ევროინტეგრაციას, ყველა ვართ ამაზე შეთანხმებული, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირებულებიც არ უნდა ვიყოთ შიდა პოლიტიკირ ველზე, აქციას რა აზრი აქვს ამის ფონზე ვერ ვხვდები. ის, რომ მაკონსოლიდირებელი ყოფილიყო და ერთიანობა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, ეს ვერ მოხდა, რადგან ორგანიზების დრო არ ჰქონდათ და იყო ცოტა ადამიანი. სანამ ჩატარდებოდა რომელიმე აქცია, ჩვენი პოზიცია იყო, რომ როცა მოსახლეობის 80 პროცენტი ემხრობა ევროინტეგრაციას, ცუდად ორგანიზებული ან დროის უქონლობის გამო ვერ ორგანიზებული აქციის ჩატარება ატარებს მაღალ რისკს, რადგან ნაცვლად იმისა, დავანახოთ ევროპას ჩვენი ხალხის ნება სურვილი, ისე არ აღმოჩნდეს, რომ სულ 300 კაცი ითხოვს ამას. არ ვიცი ამან რამდენად დააზიანა პროცესი, არ ვიცი, ამას რამდენად მიიღებენ მხედველობაში, რადგან არსებობს გამოკითხვები, რომლის მიხედვით მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი ემხრობა ევროინტეგრაციას”, – განაცხადა დავითულიანმა.

Related posts

კომენტარის დამატება