ჩვენ იმდენ ხანს დავუჭერთ მხარს უკრაინას, რამდენიც საჭირო იქნება – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ სურს, მომავალ კვირაში ბავარიის რეგიონში დაგეგმილი „დიდი შვიდეულის“ სამიტი უკრაინის გრძელვადიანი პერსპექტივების განსახილველად გამოიყენოს. ამის შესახებ AP წერს.

„ჩვენ გვსურს, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენი ხანიც იქნება საჭირო. გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გათვლები არ იმუშავებს. პუტინი იმედოვნებს, რომ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, როდესაც ის საკმარისი რაოდენობით მიწებს დაიკავებს და საერთაშორისო საზოგადოება ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდება. ეს ილუზიაა“, – განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, კიევში ყოფნისას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, იტალიელ, ფრანგ და რუმინელ კოლეგებთან ერთად, უკრაინისთვის იარაღის, კერძოდ საბრძოლო მასალისა და არტილერიის შემდგომი მიწოდების საკითხები განიხილა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ოთხივე ლიდერი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ კვირაში ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის საბჭოს სამიტზე ყველა ლიდერი დაუჭერს მხარს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

Related posts

კომენტარის დამატება