”დაშინებული იყო… 8000 ლარს ითხოვდნენ ” – ძალადობის მსხვერპლი მოხუცის ოჯახი დეტალებს იხსენებს

კახეთში 68 წლის მოხუცზე ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საქართველოს პროკურატურამ 2 პირს ბრალი წარუდგინა.

დაკავებულის ბებია ამბობს, რომ მისი შვილიშვილი ძალის გამოყენებით გაიყვანა მეორე ბრალდებულმა სახლიდან და ვიდეოს გადაღება აიძულა.

„ძალით წაიყვანა იმან, თან ადრე იჯდაო, ნასამართლევიაო, ამბობენ, ჩემი შვილიშვილი ნაცემი მომიყვანეს სახლში“, – ამბობს ბებია.

რაც შეეხება მომხდარ შემზარავ ფაქტს, თანასოფლელები ამბობენ, ფულის გამოძალვას ჰქონდა ადგილი და 68 წლის მამაკაცს მოკვლით ემუქრებოდნენ.

„ფულის გამოძალვაზეა საქმე. გამოძიება დაწყებულია, დაჭერილებიც არიან. 8000 ლარზეა საუბარი, როგორც ვიცი. მოკვლით დაემუქრნენ, ასევე დაემუქრნენ ვიდეოს გამოქვეყნებით. მოტყუებით ჰყავთ თან გაყვანილი“, – ამბობს თანასოფლელი ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა კახეთში თანხის გამოძალვის მოტივით მოხდა. 68 წლის კაცი თანასოფლელებმა ტყეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს, სცემეს, დააჩოქეს და დაზიანებები მიაყენეს.

შემდეგ კი ბრალდებულმა მსხვერპლს დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი ვიდეო კადრები გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს!

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “დ” მუხლებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე” და “ვ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related posts

კომენტარის დამატება