დავით უსუფაშვილი – რეკომენდაციების სია უნდა აღვიქვათ, როგორც შარლ მიშელი 2

რეკომენდაციების სია უნდა აღვიქვათ, როგორც შარლ მიშელი 2 – მთელმა ეროვნულმა პოტენციალმა უნდა მოვიყაროთ თავი ერთად, ეს იქნება დროებითი ტექნიკური მთავრობის თუ ეროვნული თანხმობის მთავრობის სახით თუ სხვა მექანიზმები, ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ 24 ივნისის შემდეგ, როცა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იქნება, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნება” რეკომენდაციებს არ შეასრულებს და მის ანაბარად ქვეყნის დატოვება არ შეიძლება, ამიტომ “საჭიროა ქვეყანა აღმოჩნდეს სანდო მთავრობის ხელში “ოცნების” მონაწილეობით”.

“ევროკომისიამ ნათლად გვითხრა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დახევის და გადაგდების გამო ძალიან მნიშვნელოვანი საფეხურით ჩამოვრჩით უკრაინას და მოლდოვას. პროპაგანდისტულია ლაპარაკი იმის შესახებ, რომ სტატუსით იქნები თუ მის გარეშე, რეკომენდაციები ხომ ერთი და იგივეა. დიახ, ევროპული სტანდარტი ერთი და იგივეა და მას შესრულება სჭირდება. პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს შემთხვევაში, ევროკავშირმა ვერ დაინახა გულწრფელი მოწადინება, რომ ეს ყველაფერი გაკეთდებოდა, ამიტომ გაგვიკეთა საკმაოდ ვრცელი სია – ეს ჩამონათვალი, 12 პუნქტიანი რეკომენდაციების სია უნდა აღვიქვათ, როგორ ევროკავშირის მხრიდან მოცემული მეორე შანსი, შარლ მიშელი 2 ანუ გზა ევროპისკენ, მომავლისკენ. უბრალოდ ხელისუფლების არასწორი მოქმედებების გამო ამ დოკუმენტს გაცილებით მეტი პუნქტი დაემატა, შემოვიდა ანტიკორუფციული თემები, სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის თემა, დეოლიგარქიზაცია და კიდევ ძალიან ბევრი რამ. მთავარი ამოცანაა ქვეყანამ შარლ მიშელი 2 უახლოეს 6 თვეში განუხრელად შეასრულოს და მივიღოთ წელსვე კანდიდატის სტატუსი. ამას საქართველოს ხელისუფლება რომ ვერ გააკეთებს, სრულიად ცალსახაა, ამის გაკეთება რომ უნდოდეთ, გაკეთებული ექნებოდა, ამიტომ საჭიროა სერიოზული ცვლილებები და იმ გეგმის განხორციელება, რომელზეც “ლელო” სერიოზულად მუშაობს. “ქართული ოცნების” ანაბარა ქვეყნის დატოვება აღარ შეიძლება, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელმა ქვეყანამ, მთელმა ეროვნულმა პოტენციალმა უნდა მოვიყაროთ თავი ერთად, ეს იქნება დროებითი ტექნიკური მთავრობის თუ ეროვნული თანხმობის მთავრობის სახით თუ სხვა მექანიზმები, ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ 24 ივნისის შემდეგ, როცა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იქნება,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

Related posts

კომენტარის დამატება