რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ევროკავშირი და NATO რუსეთის წინააღმდეგ ომის მიზნით კოალიციას ქმნის.
რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ლავროვმა ამის შესახებ აზრბაიჯანში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ლავროვი “ევროკავშირისა და NATO-ს კოალიციას” ჰიტლერის პერიოდის მდგომარეობას ადარებს, როცა ჰიტლერმა ქვეყნები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეკრიბა.
„როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ჰიტლერმა შეკრიბა ევროპული ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ არა უდიდესი ნაწილი, საკუთარი დროშების ქვეშ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომისთვის. ახლა მათ შორის ევროკავშირი NATO-სთან ერთად კრებს უკვე თანამედროვე კოალიციას ბრძოლისთვის, დიდწილად, რუსეთის ფედერაციასთან ომისთვის“ – განაცხადა მან აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი ანტირუსულ კავშირად გადაიქცა. მისი თქმით, მოსკოვი ახლოდან დააკვირდება ევროკავშირის ქმედებებს და მიჰყვება იმ ნაბიჯებს, რომელსაც ბრიუსელი, ისევე როგორც მოლდოვა და უკრაინა მათთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიცემის შემდეგ გადადგამს.
ლავროვი აცხადებს, რომ ის არ ელის, რომ „ევროკავშირის ამჟამინდელი რუსოფობიული მუხტი როგორმე გაიფანტება” ახლო ან გრძელვადიან მომავალში.