ღარიბაშვილი: ჩვენ ილუზია არ გვაქვს, რომ პოლარიზაციის დასრულებას შევძლებთ

პარლამენტში დასრულდა სამთავრობო პროგრამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოსმენა. დასკვნით სიტყვაში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლარიზაციის დასრულების ილუზია არ აქვთ.

„ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, როგორც კი იქნება მიღებული და ისინი დაამტკიცებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს, ჩვენ დასაკარგი არ გვაქვს არცერთი დღე. უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ, თანმიმდევრულად ამ რეფორმების განხორციელება. რა თქმა უნდა, ჩვენ ილუზია არ გვაქვს, რომ პოლარიზაციის დასრულებას შევძლებთ. ვუყურებთ, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია და მუდმივად იყოს პოლარიზაცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში 23-24 ივნისს ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი, სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი – ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება.

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაწერილ პირობებს  შორისაა: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, თავისუფალი მედიაგარემო.

რუსეთის თავდასხმის შემდეგ, საომარ მდგომარეობაში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.

Related posts

კომენტარის დამატება