გიორგი კანაშვილი- აშკარად იგრძნობა, რომ სალომე ზურაბიშვილის გზები ”ქართულ ოცნებასთან” გაიყო – შეიძლება მის გარშემო მომავალში შეიკრას სერიოზული გუნდი, რომელსაც პრეტენზია ექნება პირველ, მეორე თუ მესამე ძალობაზე

აშკარად იგრძნობა, რომ სალომე ზურაბიშვილის გზები გაიყო „ქართულ ოცნებასთან“, ეს ჯერ კონფრონტაციის ის ფაზა არ არის, რომლის შემდეგაც უკან დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ იქითკენ მიდის მოვლენები, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, გიორგი კანაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კომპეტენციების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი კანაშვილის განცხადებით, ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს, „იმ ყველაფერში ჩაყვეს „ოცნებას“, რაც ბოლო პერიოდში ხდება“.

ირაკლი კობახიძისა და სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ხშირად სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებული იყო ხოლმე. იგივე უკრაინასთან დაკავშირებითაც გამოჩნდა. ეს შეტანილი სარჩელი არის ესკალაციის შემდეგი ეტაპი. მე საერთოდ მეჩვენება, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს, რომ იმ ყველაფერში ჩაყვეს „ოცნებას“, რაც ხდება ბოლო პერიოდში. ორი წელი დარჩა არა? მე ვფიქრობ, რომ მას შეუძლია პოსტ-პრეზიდენტულ პერიოდზე ჰქონდეს ფიქსი დაწყებული. იმ ფონზე, რაც არის, შეიძლება სალომე ზურაბიშვილის გარშემო მომავალში შეიკრას ძალიან სერიოზული გუნდი, რომელსაც პრეტენზია ექნება პირველ თუ მეორე, თუ მესამე ძალობაზე. მას ჰქონდა ადრეც ეს მცდელობები და აშკარად იგრძნობა, რომ მისი გზები გაიყო „ქართულ ოცნებასთან“, ჯერ ეს არ არის კონფრონტაციის ის ფაზა, რომლის შემდეგაც უკან დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ აქეთკენ მიდის მოვლენები“, – განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

გიორგი კანაშვილმა გადაცემაში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში შეტანილ განაცხადზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ევროპისთვის სერიოზული პრობლემა იქმნება თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს.

„ორი ურთიერთგამომრიცხავი რაღაც მინდა გითხრათ: კანდიდატის სტატუსს რა თქმა უნდა, არ ვიმსახურებთ და რა თქმა უნდა, ვიმსახურებთ. არ ვიმსახურებთ იქიდან გამომდინარე თუ რა ხდება ქვეყანაში, მაგრამ პარალელურად ვიმსახურებთ იმ ფონზე, რომ მკაცრი კრიტერიუმებით თუ მივუდგებით, შეიძლება დღეს ბევრი ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, მაგალითად უნგრეთში არის სერიოზული პრობლემები, პოლონეთშიც იყო პრობლემები.

გეოპოლიტიკურ კონტექსტში სერიოზული პრობლემა იქმნება, რადგან ჯერ იყო ასოცირების 6 ქვეყანა სამი გაეთიშა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, დარჩა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. კრიტერიუმებს თუ შევხედავთ დაახლოებით ერთ „ბოქსში“ ვართ. ამ ფონზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მიცემა საქართველოსთვისაც თავის ტკივილია,რადგან მაშინ რა უნდა უყო? აძლევ უკრაინას და მოლდოვას და ეს ნიშნავს, რომ ამ ტრიოს შლი, თუ შლი, რას უშვრები საქართველოს?“, – განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

მისივე თქმით, ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები, რომ „ახლა ჯერი ევროპაზეა“ არასერიოზულია და სასაცილოა.

„ეს საერთოდ სასაცილოა, გუშინ ზარქუამ გააჟღერა, დღეს თალაკვაძემ და ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ვიღაც გვეხვეწება იქნება რაღაცნაირად გახდეთ ევროკავშირის წევრიო და ჩვენ, თუ კარგად მოიქცევით, შეიძლება გავხდეთ კიდეც ევროკავშირის წევრიო. არასერიოზულია ეს“, – განაცხადა გიორგი კანაშვილი.

გიორგი კანაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ყველაფერი იმის საპირისპიროდ კეთდება, რასაც ჩვენგან ევროკავშირი ითხოვს.

„ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ კეთდება, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, უკვე კარგა ხანია, ოღონდ ყველა მხრიდან. სააკაშვილი სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა ბრიუსელში იყო და მას პირდაპირ ურჩიეს, რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში, რადგანაც ეს გამოიწვევდა ესკალაციას. გამოიწვია? – გამოიწვია. დაუჯერა? – არა. რა თქმა უნდა, ლომის წილი არის ხელისუფლებაზე, მაგრამ იგივე შარლ მიშელის შეთანხმებაზე „ნაციონალები“ ბოლოს კი დათანხმდნენ, მაგრამ რამდენი ხანი ბოიკოტს ახდენდნენ. რაღაც პერიოდებს თუ არ ჩავთვლით, სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობა“, ტანგოს ორი ადამიანი ჭირდებაო და მშვენივრად ეცეკვება ტანგოს „ქართულ ოცნებას““, – განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

Related posts

კომენტარის დამატება