გიორგი ვაშაძე – სახეზე გვაქვს უმძიმესი და უბოროტესი შეთქმულება სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ – გააქტიურებულია რუსული აგენტურული ქსელები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ

სახეზე გვაქვს უმძიმესი და უბოროტესი შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. დიახ, მთელი საქართველოს მასშტაბით გააქტიურებულია რუსული აგენტურული ქსელები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ საზოგადოებაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეების განწყობა ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ერთიანია.

„ღიად უნდა ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვს უმძიმესი და უბოროტესი შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. დიახ, მთელი საქართველოს მასშტაბით გააქტიურებულია რუსული აგენტურული ქსელები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ საზოგადოებაში. რაც ყველაზე საგანგაშოა, მათი იდეოლოგიური წყარო არის „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, სწორედ ის ანტიდასავლური, ანტიეროვნული და ანტიქართული განცხადებები, რომელიც გვესმის „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. დავდივართ რაიონებში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მოქალაქეების განწყობა არის ერთიანი ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, თითოეული მოქალაქე კარგად არჩევს ტყუილს და მართალს, დეზინფორმაციას, სიცრუეს და სიმართლეს და აუცილებლად პასუხი გაეცემა ამ შეთქმულებას, რომელსაც „ქართული ოცნების თაოსნობით ახდენს გარკვეული ჯგუფი საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. გუშინ, ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა წერტილი დაუსვა ერთ-ერთ ყველაზე დიდ დეზინფორმაციას და სპეკულაციას, რომელსაც „ქართული ოცნება“ თავისი საცეცების მეშვეობით რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად ავრცელებდა საქართველოს მასშტაბით, რომ თითქოს ამერიკას და დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა უნდა. ეს არის 100%-ით დეზინფორმაცია“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით, საერთაშორისო ცენტრ „გორბის“ მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივ აზრის კვლევას, რომლის თანახმადაც, გამოკითხულ რესპონდენტთა 77,6% ეთანხმება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, არ ჩაერთოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში, 20,8% – არ ეთანხმება.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, „ეს არის დუგინების, პესკოვების, ნარიშკინების დაწერილი ჰიბრიდული ომის სტრატეგიით მართული კამპანია“.

„ეს არის ცრუ დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს ტელეკომპანია „იმედი“ იმისთვის, რომ სისრულეში მოიყვანონ საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულება, რომლის მონაწილეებიც „ქართული ოცნება“ და მის ლიდერები არიან“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს მასშტაბით 100-საათიან უწყვეტ ტურნეს ატარებს, შეხვედრები ამ დროისთვის ქუთაისში იმართება.

Related posts

კომენტარის დამატება