ირაკლი ღარიბაშვილმა – ევროპარლამენტის რეზოლუციას მე ვაპროტესტებ – აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომელიც აწამებდა ჩვენს მოქალაქეებს

ევროპარლამენტის რეზოლუციას მე ვაპროტესტებ – აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომელიც აწამებდა ჩვენს მოქალაქეებს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ქვეყანაში ევროპული არაფერი ხდებოდა.

„30 წლის მანძილზე თუ ვინმეს რამე გაუკეთებია, ყველაზე მეტი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა კულმინაცია იყო ჩვენს მიერ 3 მარტს შეტანილი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მეგობრებო, ეს არის ყველაფერი ის, რაც ამ მოკლე პერიოდში ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო, მანამდე არავითარი ევროპული ქვეყანაში არ ხდებოდა. ეს იყო წმინდა კლასიკური დიქტატურა, რომელიც ეფუძნებოდა ხალხის ჩაგვრას, წამებას და ა.შ. და ჩვენმა პარტიამ კონსტიტუციაში ჩავწერეთ და განვსაზღვრეთ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური. ეს მხოლოდ კი არ ჩავწერეთ, ჩანაწერი ჩანაწერისთვის კი არა ჩვენ რეალური ხელშესახები შედეგები მოვუტანეთ ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერის შეფასებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არის „ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული“.

„რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომლის მთავარი ინიციატორი იყო „ევროპის სახალხო პარტია“. ვინ არის ეს პარტია ჩვენ კარგად ვიცით. შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ პარტიის შვილობილი პარტია და მათი მოკავშირე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პარლამენტში ვთქვი, ღიად დავდე ბრალი და რამდენიმე გვარიც გავაჟღერე, რომ ეს უპასუხისმგებლო, მავნებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დადიან ევროპაში და ათას სისულელეს ავრცელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და საუბარი არ ეხება მთავრობას და მმართველ გუნდს – სახელმწიფოს წინააღმდეგ არის.

ასეთი უპასუხისმგებლო და სამარცხვინო რეზოლუციის მიღება პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რაც მე ვთქვი, რაც ჩვენმა გუნდის წევრებმა არაერთხელ გაიმეორეს. ერთის მხრივ, გამოვიდნენ და შეიცხადეს ყველამ, ამას როგორ ვიკადრებთ, თუმცა არ უკადრებიათ თუ რა? გახსოვთ, როდესაც უვიზო რეჟიმზე ვმუშაობდით, პირდაპირ ეხვეწებოდნენ, მუხლისჩოქით დადიოდნენ ევროპაში, რომ საქართველოსთვის არ მიეცათ უვიზო რეჟიმი, ანუ ჩვენი ქვეყანა და ხალხი დაესაჯათ.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ამათ არ გაუკეთებიათ. ამის ილუზია არავის აქვს, რომ ამ საცოდავებს ამდენი შეუძლიათ, თუმცა ფაქტია, რომ როლი შეასრულეს და გამოიყენეს მათი განცხადებები. ეს საშინელებები, რაც ჩაწერეს რეზოლუციაში, მართლაც სამარცხვინო ბრალდებები, არის ამათი მიწოდებული ე.წ. ფაქტები და მტკიცებულებები. გამოდის, რომ თუ ამ ადამიანებს ქვეყნის მომავალზე გული შესტკივათ, როგორც ისინი ამბობენ, რატომ არ მოუწოდეს თავის პარტიას, რომ ასეთ სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული რეზოლუცია არ მიეღოთ ევროპარლამენტში? ჩვენ კითხვები არ გვაქვს, ყველას ყველაფერი კარგად ესმის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ოპოზიციური ძალები „ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ითხოვენ“.

„გახსოვთ, რომ სანქციებზე მიერთებას ითხოვდნენ, შემდეგ მოითხოვეს, რომ გაგვეშვა ჩვენ მოხალისეები ჩარტერული რეისებით და მთავრობას უნდა მიეცა ნებართვა და ეს პირდაპირ სახელმწიფოს ჩართულობა იყო ომში. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო თავის მოქალაქეებს მოუწოდებდა, რომ არ ჩაერთონ ომში. შემდეგ გახსოვთ აქციების გამართვა ჩემი და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ახლა კი სრულიად გაწბილებული არიან, როცა ვერც სანქციებით და ქაოსის შექმნით ქვეყნის ომში ჩართვა ვერ შეძლეს, ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია ვერ შეძლეს, ახლა ასეთი მავნებლობით და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ცდილობენ დააზიანონ ჩვენი მთავარი, ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Related posts

კომენტარის დამატება