ჯეირანოვას საქმეზე პროკურატურამ კიდევ ორ პირს წარუდგინა ბრალი

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა 2014 წლის 16 სექტემბერს ხანუმ ჯეირანოვა ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჯეირანოვამ 2014 წლის 18 სექტემბერს თავი მოიკლა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პროკურატურამ სავარაუდო დამნაშავეებს ბრალი მხოლოდ 8 წლისა და გაეროს გადაწყვეტილების შემდეგ წარუდგინა.

  • გაერომ სახელმწიფოს დაავალა, რომ გადაიხადოს ადეკვატური კონპენსაცია და ოფიციალურად მოუხადოს ბოდიში ჯეირანოვას შვილებს.
  • გაეროს ქალთა კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა, ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.

დეტალები: ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფელის ცენტრში მიიყვანეს.

  • ბრალდებულები სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ “ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო”, იგი უნდა დასჯილიყო.
  • “ბრალდებულები მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ”.

ბრალდება: ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის “ე” და “ვ” ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინათ.

  • დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქამდე, 2022 წლის 27 აპრილს სამ პირს წარედგინა ბრალდება 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

  • ასევე 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის “ე” და “ვ” ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
  • სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახედ უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.

არქივიდან: საფარის ცნობით, პოლიციამ და გამგებელმაც შეიტყო, რომ თანასოფლელებმა ჩამოატარეს ცემითა და გინებით, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.

  • ხანუმა მშობლების სახლში გაამწესეს, სადაც მან ღამით თავი მოიკლა. გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია.
  • ხანუმას ქმარმა, აჯი გასანოვმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ერთ-ერთი კაცი, რომელმაც სახალხოდ შეურაცხყო მისი ცოლი.
  • მას პატიმრობა მიუსაჯეს. საფარის ინფორმაციით, მოგვიანებით ის გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტობის დროს შეიწყალა.

Related posts

კომენტარის დამატება