კობახიძე: უკრაინული კანონი რომ დავაკოპიროთ, ივანიშვილი ოლიგარქად არ ჩაითვლება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონს გადმოიღებენ საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქების სიაში ვერ მოხვდება. ამავე დროს, კობახიძე ამბობს, რომ ოლიგარქებად აღიარებენ ოპოზიციის ლიდერებს.

“უკრაინაში მოქმედებს კანონი დეილოგარქიზაციის შესახებ და შეგვიძლია ვნახოთ მარტივად, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერაფრით ჩაითვლება ოლიგარქად, მაგრამ ჩაითვლებიან კეზერაშვილი, ხაზარაძე და სხვები. შეგვიძლია დავაკოპიროთ ან უკრაინულ ენაზე დავამტკიცოთ, ეს ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა”, – თქვა კობახიძემ.

მმართველი გუნდის ლიდერმა ისაუბრა იმ ოთხ კრიტერიუმზე, რომელიც უკრაინაში ოლიგარქის სტატუსისთვის არის საჭირო, ესაა: 85 მილიონზე მეტი ქონება, მედიაზე გავლენა, პოლიტიკაზე გავლენა და მონოპოლია ან დომინანტური მდგომარეობა ბიზნესში. კობახიძე ამტკიცებს, რომ მისი პარტიის თავმჯდომარე, რომელიც არაფორმალურ მმართველად არის მიჩნეული, ოთხიდან მხოლოდ ერთ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. რაც შეეხება პოლიტიკურ გავლენას, კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ ივანიშვილი დიდი ხანია პარტიიდან წავიდა:

“მე პირდაპირ ალალად ვამბობ, რომ ჩვენთვის მომგებიანი არის უკრაინული კანონის დაკოპირება, რადგან თუ დავაკოპირებთ უკრაინულ კანონს, არ მოხვდება ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქის ცნების ქვეშ, მაგრამ მოხვდება თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელი [დავით კეზერაშვილი]”.

მისივე თქმით, სამი თეორიული ვარიანტი არსებობს ან უკრაინულ კანონს დააკოპირებენ, ან ახალს დაწერენ ან საერთოდ მიღებაზე უარს იტყვიან.

Related posts

კომენტარის დამატება