ლევან ბეჟაშვილი – გუშინდელი დღე ”ქართული ოცნებისთვის” უნდა იყოს სახელმძღვანელო – ან უნდა შეასრულოს მოთხოვნები ან აიღოს პასუხისმგებლობა და წავიდეს ხელისუფლებიდან

გუშინდელი დღე „ქართული ოცნებისთვის“ უნდა იყოს სახელმძღვანელო – ან უნდა შეასრულოს მოთხოვნები ან აიღოს პასუხისმგებლობა და წავიდეს ხელისუფლებიდან, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი რჩება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებში სულ უფრო აქტიური ხდება ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხი, „ამდენად, მასაც მოუწევს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება“.

„გუშინ ვნახეთ პოლიტიკური ჯგუფების უპრეცედენტო ერთიანობა ევროპარლამენტში, მათ შორის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მხარდამჭერი პარტიაც კი გამოხატავდა თანადგომას საქართველოსთან მიმართებით და ითხოვდა ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას და მთელ რიგ პირობებს აყენებდა იმისათვის, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. გუშინდელი დღე “ქართული ოცნებისთვის” უნდა იყოს სახელმძღვანელო, ან უნდა შეასრულოს მოთხოვნები ან აიღოს პასუხისმგებლობა და წავიდეს ხელისუფლებიდან, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი რჩება.

საერთაშორისო პარტნიორების რიტორიკაში ყოველდღიურად სულ უფრო მკაცრად დგება ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც რუსი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესების საკითხი. წარმოუდგენელია იყოს ევროკავშირში ქვეყანა ნებისმიერი სტატუსით და ამ ქვეყანაში იყოს პრობლემა ოლიგარქიული, ჩრდილოვანი მმართველობის. ამიტომ ბიძინა ივანიშვილმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შეასრულოს პარტნიორების მოთხოვნები ან მასაც მოუწევს ბევრად მძიმე ხვედრის გაზიარება, რაც სანქციების დაწესებას უკავშირდება,”- განაცხადა ბეჟაშვილმა.

Related posts

კომენტარის დამატება