”მესაკუთრეს შეუძლია ჩაწეროს, რომ ნებისმიერი ნივთი მის მფლობელობაში გადავა, თუ მდგმური ქირას არ გადაუხდის” – რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბინას ვაქირავებთ ან ვქირაობთ

როგორ დავიცვათ თავი უსიამოვნო “სიურპრიზებისგან”

ბინის გაქირავების თუ დაგირავების საკითხი საქართველოს დიდ ქალაქებში ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ჩვენთან რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ: მათ საბაზრო ფასზე ბევრად მეტი თანხა შესთავაზეს ბინის მფლობელებს, რასაც ბევრი გაუგებრობა მოჰყვა.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ბინის მეპატრონის შვილი სოციალურ ქსელში წერდა: “დედაჩემმა თებერვლის ბოლოს გააქირავა ბინა რუსეთის მოქალაქეზე, რომელმაც მხოლოდ ერთი კვირის თანხა გადაუხადა. მას შემდეგ აღარ იხდის და გვატყუებს. თან, მოხუცი დედაც ჰყავს ჩამოყვანილი და ჩვენს ბინაში უკვე მესამე თვეა, უფასოდ ცხოვრობენ. პატრული გამოვიძახეთ და გვითხრეს: თქვენს მდგმურს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და უფლება არ გაქვთ, ბინიდან გაუშვათო. ხომ არ იცით, ვის უნდა მივმართოთ და რა გავაკეთოთ?!”

ცნობილია, რომ ანალოგიური პრობლემა არაერთ ადამიანს აქვს, ამიტომ კონსულტაციისთვის ადვოკატ ლაშა შუკაკიძეს  მივმართეთ.

– ინტერვიუს დასაწყისში უნდა აღვნიშნო, რომ ამ პრობლემის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს მოგვმართონ, მეც და ჩემი კოლეგებიც მზად ვართ, მათ იურიდიული დახმარება გავუწიოთ. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორიც ექიმთან დაგვიანებული მისვლა: ექიმს მხოლოდ მაშინ მივმართავთ, როცა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეგვექმნება, პატარა ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევთ და გვიან ვხვდებით – თავიდანვე რომ მივსულიყავით, მძიმე დაავადებასაც გადავურჩებოდით და ხარჯსაც.

– რას გულისხმობთ, ბატონო ლაშა?

– საერთოდ, იურისტის კონსულტაცია გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე სასამართლოში სარჩელის შეტანა და საქმის ბოლომდე მიყვანა. შესაბამისად, იურისტის ჩართვა უმჯობესია მანამ, ვიდრე ასეთი მწვავე პრობლემა წარმოქმნილა. მოქალაქემ, რომელიც სამართლებრივ ნიუანსებში ვერ ერკვევა, თავის დროზე უნდა გაარკვიოს ეს საკითხი კვალიფიციურ იურისტთან, კონსულტაცია გაიაროს და წერილობითი ხელშეკრულება გააფორმოს, რომლის ძალით ბინას კანონიერად გააქირავებს. სამწუხაროდ, ზეპირ შეთანხმებას სჯერდებიან და ეს ხშირად უსიამოვნებით მთავრდება, მნიშვნელობა არა აქვს, დამქირავებელი რუსია, ქართველი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ასეთი გაუგებრობა ყოველთვის იყო და მომავალშიც იარსებებს, ვიდრე ჩვენი მოქალაქეები ხელშეკრულების გაფორმებას არ მიეჩვევიან.

Related posts

კომენტარის დამატება