ნონა წოწორია – იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის ავანგარდშია

სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ნონა წოწორიას განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის ავანგარდშია. ამის შესახებ ნონა წოწორიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ არ აპირებს ევროკავშირის მიერ დაყენებული მოთხოვნების შესრულებას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ევროკომისიის 17 ივნისის დოკუმენტში საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმირებას, ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის ავანგარდშია.

სასამართლო ხელისუფლება საჭიროებს ძირეულ რეფორმებს, იმისთვის, რომ შეასრულოს მისთვის განკუთვნილი როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში. ეს ეხება როგორც მის მოწყობას, ისე გადაწყვეტილებების მიღების პრინციპებს. ის, როგორ წარმართავენ ისინი პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებს განსაზღვრავს, რამდენად არის სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი და სამართლიანი“, – განაცხადა ნონა წოწორიამ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. ის აღნიშნულ თანამდებობაზე პირველ ჯერზე 2017 წელს დაინიშნა, ხუთწლიანი მუშაობის ვადა კი, 2022 წლის მაისის ბოლოს ამოეწურა. ამასთან, ჩინჩალაძე მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ არის განწესებული.

Related posts

კომენტარის დამატება