ფოტოები: უმძიმესი ამბავი – რა გზას გადიან ქართველები ამერიკაში მოსახვედრად

საქართველოში სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს. ერთ-ერთი სასურველი ქვეყანა მოქალაქეებისთვის ამერიკაა. თუმცა იქ მოხვედრა საკმაოდ რთულია. გზა, რომელსაც ხშირად ამერიკაში მოსახვედრად ქართველები (და არა მარტო) იყენებენ, მექსიკაზე გადის. 

„პრაიმთაიმი“ ამერიკაში მცხოვრებ ქართველს ექსკლუზიურად ესაუბრა, რომელმაც სირთულეებით სავსე გზა 6 თვის წინ გაიარა. როგორც ის ჩვენთან საუბრისას იხსენებს, არ არსებობს ქვეყანაზე სიტყვები, რომელსაც შეუძლია აღწეროს ის ტკივილი და საშინელება, რაც 85 ადამიანმა 10 დღის განმავლობაში გაიარა. მათი, ყველას მიზანი მხოლოდ ერთი იყო – ამერიკაში, ოცნების ქვეყანაში მოხვედრა. დღეს კი, რეალობა უკვე სხვაა.

„ძალიან ძლიერი პიროვნება ვარ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. თმა ჭაღარა არ მქონია. მაგრამ, მე ისეთი რაღაცა ვნახე. თმა გამითეთრდა. მიუხედავად იმისა, რომ სუსტი არ ვარ და ყველანაირ პრობლემას მარტო გავუმკლავდი. მექსიკისა და ამერიკის საზღვარზე ისეთს რაღაცას გადავეყარე, რომ… მითხრეს კოჭებამდე წყალი იქნება, რომელსაც მარტივად გადაივლიო. კოჭამდე კი, არა კისრამდე დამხვდა. ამ ჭაობის გადაცურვა მოგვიწია. ფეხზე ვერ გავიხადეთ, შეგვეშინდა, რამზე არ გაგვიჭროდა. ზურგჩანთებით, ხელჩაკიდებულები მივდიოდით. ტანსაცმელები დაგვისველდა. ძლივს გავიარეთ ეს გზა. მერე დაგხვდა ფაქტობრივად უდაბნო. 5 კილომეტრი 50 გრადუს სიცხეში ვიარეთ. იწვებოდა ყველაფერი.

ვისაც გადავყავდით გვითხრა, რომ სწრაფად გვევლო. აქ, მექსიკაში თუ აგიყვანეს დეპორტი საოცნებო გექნებათო. გავრბივართ ამ სველი ფეხსაცმელებით, ზოგი ეცემოდა… საშინელება იყო ეს ყველაფერი. საზღვართან რომ მივედით ზოგი უკვე უგონოდ ძირს ეყარა. ამ ამბის გადმოცემა შეუძლებელია. ამასობაში მოვიდა პოლიცია. გადაგვიყვანეს საემიგრაციოში. იქ, რომ მივედით ვიფიქრე, რომ ალბათ, ესენი ორგანოებით ვაჭრობენ. ხალხი ძირს ეყარა. ვიფიქრე, კარგი არაფერი მელოდებოდა აქ. ისეთ ოთახში ვიყავი, სადაც დაახლოებით 100 ადამიანი იყო. დაგვყეს ქალებად და კაცებად. ყოველგვარი კითხვების გარეშე იატაკზე ვეგდეთ. არც წყალი, არც საჭმელი. ტუალეტი იმავე ოთახის პლასტმასის გვქონდა. კატასტროფა იყო, რაც გავიარეთ,“ – გვიყვება ამერიკაში მცხოვრები ქართველი.

„ასეთი რამ მხოლოდ ფილმში მქონდა ნანახი“

„მე-6 დღეს, ჩემი სახლი ამოიკითხეს. დამკითეს. ის ვიცოდი, რომ იქ ბევრი არ უნდა მესაუბრა. მკითხეს სად მივდიოდი, რა მინდოდა და ა.შ. მეგონა ამით მორჩა ყველაფერი. მაგრამ, მალევე დაგვაგდეს ბორკილები ხელზე, ფეხზე. თან ოპერაცია მაქვს თიაქრის გაკეთებული. წელზეც ჯაჭვი გამიკეთს და მიმაბეს. ავუხსენი რაც მჭირდა. თუ ცუდად იყავი, აქ რას მოდიოდიო. ასეთი პასუხი გამცეს. მალევე ასე დაბმულები გადაგვაფრინეს ერთი შტატიდან მეორეში და ციხეში ჩაგვსვეს. ასეთი რამ მხოლოდ ფილმში მქონდა ნანახი. დილის ხუთ საათზე უნდა ამდგარიყავი საუზმისთვის. ეს ხომ კატასტროფა იყო… საუზმეც არ იყო ეს… მე-17 დღეს, ამოიკითხეს ჩემი სახელი და გვარი და გამომიშვეს. 6 თვის თავზე მქონდა პირველი გასაუბრება. უკვე მალე ველოდები პასუხს. არ ვიცი რა იქნება.

ახლა ნიუ-იორკში ვარ, ჩემი საუკეთესო დაქალის მეგობრის დედასთან, რომელმაც შემიფარა. ამჟამად, უმუშევარი ვარ. ეს ქალი მეხმარება. თავის დალაგებას მიყოფს. 6 თვეში მხოლოდ ორი თვე ვიმუშავე. პროფესიით მზარეული ვარ. უკრაინელების რესტორანში ვმუშაობდი. მაგრამ, მათ გამათავისუფლებს. ბოდიში მომიხადეს. ჩემი ერი ჩამოვიდაო… ასეთი სიტუაცია დამხვდა აქ. ამას ჩემი დაქალის და მეგობრის დედა მეუბნებოდა. რომ ჩამოვედი ვუთხარი, რასაც თქვენზე ვფიქრობდი უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები-თქო. ვფიქრობდი, რომ  მას ჩემი ჩასვლა არ უნდოდა ამერიკაში და ამიტომ არ მივყავდი. რასაც მეუბნებოდა არ მჯეროდა. მაგრამ, აქეთ, რომ ხარ ჩამოსული და 20 000-40 000-მდე გაქვს დახარჯული ასე ვერ წახვალ. ნეტავ, ეს ვალი გამასტუმრებინა და ჩემი ფეხით დავტოვებ ამერიკას. ახლა ისე ვარ, რომ ვერ აღგიწერთ… ევროპაში ყოფნის დროს, ახლოს მაინც ვიყავი ჩემს ოჯახთან. 

კიდევ მინდა უკეთესად გითხრათ, რა გზა გამოვიარე, მაგრამ ვერ ვყვები. არ არსებობს სიტყვები, რომელსაც ამ კატასტროფას ახსნის. ათი დღე მივდიოდი საზღვრამდე. მერე 17 დღე ციხეში. 85 ადამიანი ვიყავიოთ და აქედან 45 ქართველი. მინდა ყველას მოვუწოდო. ვიცი, ახლა ჩემნაირად იფიქირებს, არ უნდა აქ ჩამოვიდესო… ვურჩევდი, რომ სანამ ამ გზას გამოივლის ფსიქოლოგთან მივიდეს, რომ შეემზადოს. რადგან მიხვდეს, რა გზის გავლა მოუწევს. მოდითვის, რომ თმას ვიღებავდი, ახლა ეს მართლა მჭირდება. ამ გზამ გამაჭაღარავა. თავი ძლიერი ადამიანი მეგონა… უმძიმესი სტრესი გავიარე,“ – გვიყვება ამერიკაში მცხოვრები ქართველი, რომლის სახელსა და გვარს უსაფრთხოებიდან გამომდინარე „პრაიმთაიმი“ სპეციალურად არ წერს. 

Related posts

კომენტარის დამატება