პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის დროს ადოლფ ჰიტლერთან საუბარს ჰგავს.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 28 მაისს სატელეფონო საუბრისას პუტინს მოუწოდეს, გაათავისუფლოს აზოვსტალის ქარხანაში დატყვევებული 2500 უკრაინელი მებრძოლი და პირდაპირი დიალოგი გაემართოს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუმცა, მაკრონმა უკრაინელების აღშფოთება იმით გამოიწვია, რომ განაცხადა, თითქოს პუტინის “შეცდომის” გამო რუსეთი “არ უნდა იყოს დამცირებული”.
დუდამ გერმანულ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ასეთი დისკუსიები მხოლოდ უკრაინის უკანონო ომის ლეგიტიმაციას ახდენს.
“მეორე მსოფლიო ომის დროს ვინმე ასე ელაპარაკებოდა ადოლფ ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, რომ ადოლფ ჰიტლერმა უნდა შეინარჩუნოს სახე? თითქოს ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? ასეთი ხმები არ გამიგია”,- განაცხადა დუდამ.
უკრაინაში ომმა გაანადგურა ქალაქები, დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა.
გასულ თვეში ზელენსკიმ გააკრიტიკა დასავლეთის წინადადებები ომის დასასრულებლად ტერიტორიულ დათმობებზე წასვლის შესახებ და თქვა, რომ ეს იდეა ნაცისტური გერმანიის დამშვიდების მცდელობებს ჰგავდა 1938 წელს, მეორე მსოფლიო ომის წინ.