პრეზიდენტი – ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ, რომელ ელჩს, რა ადგილას და როდის დანიშნავს – ამ ყველაფერზე უთუოდ გავაკეთებ კომენტარებს, როცა თბილისში ვიქნები

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ, რომელ ელჩს, რა ადგილას და როდის დანიშნავს.

პრეზიდენტი იტალიაში ვიზიტისას საქართველოს მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე მაშინ ისაუბრებს, როდესაც საქართველოში დაბრუნდება.

„მგონი, დღევანდელ დღეს საქართველოსთვის ცოტა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები წყდება. შეიძლება მომავალ კვირას, შეიძლება ხვალვე, არ ვიცით ზუსტად როდის, ჩვენი მომავალი წყდება. ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ, რომელ ელჩს, რა ადგილას და როდის დანიშნავს. ამ ყველაფერზე მე უთუოდ გავაკეთებ კომენტარებს, მაგრამ ამის დრო მაშინ მოვა, როცა თბილისში ვიქნები და არა მაშინ, როცა ევროპის გულში, ჩვენთვის ევროპის გზაზე გადამწყვეტ მომენტში. თუ ეს გზა გვინდა, ამ გზაზე მყარად უნდა ვიდგეთ და სხვა რაღაცებზე არ ვფიქრობდეთ“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ეს არის კომპეტენციების შესახებ დავა. მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე.

Related posts

კომენტარის დამატება