პუტინის მუქარა- “თუ უკრაინა შორი რადიუსის რაკეტებს მისცემენ,ახალ სამიზნეებს დავარტყამთ”

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იმუქრება, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას უფრო შორი რადიუსის რაკეტებს მიაწვდის, დაარტყამს ისეთ ადგილებს, რომლებიც ჯერ არ გამხდარა რუსული თავდასხმის მსხვერპლი.

რუსული სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით, პუტინს არ დაუსახელებია ის ადგილები, რომელთა მიზანში ამოღებასაც გეგმავს. 

პუტინისვე განცხადებით, “დასავლეთში შექმნილი აურზაური უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ” კონფლიქტის გაჭიანურების მიზანს ემსახურება. 

უკრაინა დასავლეთს სთხოვს, მიაწოდონ მრავალჯერადი სარაკეტო გაშვების სისტემები (MLRS), მაგალითად, M270 და M142 HIMARS, რათა დაარტყას ჯარებს და იარაღის მარაგებს რუსული ძალების ზურგში. 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდის HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემებს მას შემდეგ, რაც უკრაინისგან მიიღებს გარანტიებს, რომ მას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის არ გამოიყენებენ. 

სხვა რუსი უმაღლესი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, მიაწოდოს უკრაინას მაღალი დონის სარაკეტო სისტემები, კონფლიქტს გაამწვავებს, თუმცა, პუტინის განცხადებით, ეს ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ შეიტანს. 

“ჩვენ გვესმის, რომ აშშ-ის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მხრიდან უკრაინის მომარაგება ხდება მათი დანაკარგის შევსების მიზნით. აქ არაფერია ახალი. ეს არსში არაფერს შეცვლის”. – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ომის 102-ე დღეს საბრძოლო მოქმედებები ძირითადად უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკსა და ლუჰანსკში მიმდინარეობს. 

HIMARS-ის იარაღი, რომლის უკრაინისთვის აშშ-ის მიერ მიწოდებაც რუსეთს ასე არ უნდა, მაღალი სიზუსტის რაკეტებია. 

ამერიკული სარაკეტო გამშვებები 3 ტიპად იყოფა, დიაპაზონის მიხედვით. პირველია რაკეტა M26, მაქსიმალური მანძილით 32 კილომეტრი. მისი გაუმჯობესებული ვარიანტია M26A1 45 კილომეტრამდე მანძილით. ერთ გამშვებ კონტეინერში 6 ასეთი რაკეტა ჩადის. 

მეორე ტიპის რაკეტა არის GMLRS-ის მართვარი რაკეტა, რომლის მანძილიც 70 კილომეტრამდეა. 

მესამე ტიპის ამერიკული შორი მანძილის რაკეტა ATACMS-ის ტაქტიკური რაკეტაა. მისი მანძილი 300 კილომეტრია. ATACMS-ის უკრაინისთვის მიწოდება აშშ-ს ჯერ არ დაუანონსებია. 

Related posts

კომენტარის დამატება