ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ბებია, „ქრონიკასთან“, ამბობს, რომ თავისი შვილიშვილი დამნაშავე არაა, უბრალოდ – შეცდა.
„რად უნდოდა იმისგან ფული? [მომჩივანმა მხარემ] სიმართლე უნდა დაწეროს. საიდან მოიტანდა ის ბებერი კაცი 8 ათას ლარს? ჩემი შვილიშვილი საავადმყოფოში მოხვდა. ყველა იცის, აი, ჩემს მეზობლებსაც დაუძახე… ის დამნაშავე არ არის, შეცდა“, – ამბობს დაკავებულის ახლობელი.
„ქრონიკა“ დაზარალებული კაცის ოჯახის წევრსაც ესაუბრა.
„გამოძიებას ყველაფერი უთხრა. იმდენად ფსიქოლოგიური მომენტი აქვს და ნერვიულობს, რომ არ სურს, გაგვესაუბროს. სამართალდამცველებს ესაუბრა, ჩვენებაც მისცა“, – ამბობს 68 წლის კაცის ახლობელი.
შსს-ს ინფორმაციით, 24 ივნისს, ყვარლის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ე.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა მ.რ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს 68 წლის დაზარალებულს, რა დროსაც თანხა გასტაცეს.
„ასევე ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას და მათ მიერ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღეს. შემდეგ კი გადაღებული მასალის გავრცელების მუქარით რამდენიმე დღის ვადაში მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემა მოსთხოვეს“, – აცხადებენ უწყებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 და 27 ივნისს დააკავეს. ორივე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ მუხლებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით სხვა შეხედულებების გამო, ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.