რა პირობებშია რუსი ბლოგერი სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში — ომბუდსმენი შსს-ს მიმართავს

სახალხო დამცველის განცხადებით, ინსა ოგუზი მინიმალური კომფორტის გარეშე იმყოფება და აქვს მაღალი ტემპერატურა. ის შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, მისცეს ოგუზს უსაფრთხო ტერიტორიასა და თავშესაფრის პროცედურაზე წვდომის შესაძლებლობა, უზრუნველყონ მისთვის ღირსეული საარსებო პირობები და დაუყოვნებლივ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბლოგერს რუსეთში შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ქვეყნიდან გამოიქცა.

  • ის საერთაშორისო თავშესაფარს ითხოვს, თუმცა შსს-მ საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრა.

ომბუდსმენის განცხადებით, ინსა ოგუზი 13 ივნისიდან სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების გამშვებ პუნქტში არასათანადო პირობებშია.

  • მისივე თქმით, 15 ივნისს საზღვართან მისულ რწმუნებულს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ოგუზის მონახულების შესაძლებლობა არ მისცეს, რაც ომბუდსმენის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლაა;
  • სახალხო დამცველის წარმომადგენელი მას ტელეფონით დაუკავშირდა და შეიტყო, რომ არ აქვს წვდომა ჰიგიენის საშუალებებზე;
  • ამასთან, ინსას თქმით, თავშესაფრის მოთხოვნასთან ერთად რუსეთში დაბრუნების საფრთხეებზე ისაუბრა, თუმცა არ გადაამისამართეს მიგრაციის დეპარტამენტში, კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურის დასაწყებად.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს მიმღები ქვეყნის ვალდებულება გაძევებისგან დაცვასთან დაკავშირებით.

  • საერთაშორისო კონვენციების და ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არც ერთმა მხარე-სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს პირის გაძევება, დაბრუნება ან ექსტრადიცია, როცა არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ მის მიმართ შესაძლოა გამოიყენონ წამება ან ადამიანის უფლებების სხვა სერიოზული დარღვევა.
  • მისივე თქმით, მოცემულ საქმეზე უნდა გაითვალისწინონ რუსეთში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და ა.შ.

ვინ არის ინსა ლანდერი: OVD Info-ს ცნობით, რუსი ბლოგერი თვეების განმავლობაში გამოძიებას ატარებდა ერთ-ერთ მაღალჩინოსანსა და საქველმოქმედო ფონდიდან თანხის გაჟონვაზე.

  • წინასწარი ინფორმაციით, მას ბრალი ტერორისტული საქმიანობისთვის დახმარებისთვის ედება, თუმცა OVD Info-ს განცხადებით, რეალურად გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით მიმდინარეობს.
  • ლანდერს შინაპატიმრობა 2022 წლის თებერვალში შეუფარდეს. მედია მასზე დაყრდნობით წერს, რომ გამომძიებლები მასზე ზეწოლას ცდილობდნენ და თუ დანაშაულს აღიარებდა, გაათავისუფლებდნენ.

შსს ამბობს, რომ ბლოგერს საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე ეთქვა.

  • მათი თქმით, თუკი პირი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს შეიძლება, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვას სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით.
  • “მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან ნამდვილად იკვეთება, რომ აღნიშნული პიროვნება არის ბრალდებული ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშაულში, როგორიც არის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა”.

თუმცა, ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ სამინისტროს განცხადება ოგუზის მიწოდებულ ინფორმაციას და გავრცელებულ ცნობებს ეყრდნობა და არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ შესაძლებელია ამ საქმის უკან მისი ჟურნალისტური და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა იდგეს.

ლიეტუვა მზადაა, რომ ინსა ლანდერი ვილნიუსში გადაიყვანოს. ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ ისაუბრა.

  • ომბუდსმენის განცხადებით, ეს გარემოება შსს-ს ანიჭებს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაძლებლობას, გააძევოს ინსა ოგუზი მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში.
  • ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია თავიდან ავირიდოთ პირის მოქალაქეობის ქვეყანაში გაძევების შედეგად, მის მიმართ შესაძლო წამების ან არაადამიანური მოპყრობის საფრთხე.

Related posts

კომენტარის დამატება