”რუსეთი რისკავს, რაც მისი რეპუტაციისგან დარჩა” – ბლინკენი უკრაინის პორტების ბლოკადაზე

შშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ უკრაინის პორტების ბლოკირებით, საკვებით დატვირთული გემებისთვის პორტის დატოვების აკრძალვით რუსეთი რისკავს “იმას, რაც მისი რეპუტაციისგან დარჩა”. 

“მას სურს ურთიერთობა მსოფლიოს ქვეყნებთან, მათ შორის, ბევრ ქვეყანასთან, რომლებიც დღეს რუსული აგრესიის მსხვერპლი არიან. მიზეზი სურსათზე შექმნილი მზარდი პრობლემაა, რომელიც აგრესიითაა გამოწვეული. 

[…] მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ქვეყნები უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ გამოწვევები, რომელთა წინაც ახლა დგანან, გამწვავებული კონფლიქტითა და რუსეთის აგრესიით, არის იმის გამო, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს”. – ამბობს ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ომის დაწყების გამო საკვებთან დაკავშირებული პრობლემის წინაშე დამატებით 40 მილიონი ადამიანი დგას. 

ბლინკენის თქმით, გაეროში გამართული სასურსათო უსაფრთხოების სამიტის შემდეგ ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მუშაობს საკითხზე, “რათა გაარკვიოს, შეუძლია თუ არა იპოვოს გზა, რათა ბლოკადა დასრულდეს და გემებმა პორტები დატოვოს”.  

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ 25 მაისს თქვა, რომ რუსეთი უკრაინის პორტებზე ბლოკადას მოხსნის, თუ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაუქმდება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას შეფასებით, პორტების ბლოკირებითა და სანქციების მოხსნის მოთხოვნით რუსეთი მსოფლიოს აშანტაჟებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

Related posts

კომენტარის დამატება