რუსეთში დაკარგული ავტომანქანები ცხინვალში აღმოაჩინეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოთხი ავტომანქანა ამოიღეს, რომლებიც თაღლითებმა  დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს ადრე უკანონოდ მიჰყიდეს, –  ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის უწყების პრესსამსახურში განაცხადეს.

ამოღებულია „ლადა-გრანტასა“ და „ჰიუნდაი-გრეტას“ მარკის ავტომანქანები. 

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ რუსეთის მოქალაქეებმა განცხადებებით მიმართეს, რომ საკუთარი ავტომანქანები გააქირავეს, მაგრამ შემდეგ ვეღარ დაიბრუნეს.

სამართალდამცველების ვერსიით, თაღლითებმა დაქირავებული ავტომანქანები ოკუპირებულ რეგიონში შეღავათიან ფასად გაყიდეს.

„მილიციის თანამშრომლებმა ოთხი ავტომობილის ადგილსამყოფელი დაადგინეს, ისინი მყიდველებს ჩამოართვეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს. მყიდველებმა ავტომობილები კომპენსაციის გარეშე დაკარგეს“, – ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის ტერიტორიაზე ამ ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, მოიჯარეზე, რომელიც ეწეოდა უკანონო საქმიანობას ავტომობილები გადაჰყავდა ცხინვალის რეგიონში და მათ უკანონოდ ჰყიდდა, ძებნაა გამოცხადებული.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ადგილობრივ მოქალაქეებს, მოერიდონ საეჭვო პირებთან ურთიერთობას და ყველა საჭირო დოკუმენტაციის გარეშე მანქანები არ იყიდონ.

Related posts

კომენტარის დამატება