რუსთაველის გამზირზე აქციისათვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს – აქციის მონაწილეებს სიტყვით სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიმართავენ

რუსთაველის გამზირზე აქციისათვის – „შინ ევროპისკენ“ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ წუთებში ადგილზე სცენა მონტაჟდება, საიდანაც აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ამის შემდეგ, 21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

„სირცხვილიას” წევრის, გიორგი მჟავანაძის ინფორმაციით, აქციის დასასრულს სამოქალაქო საზოგადოება ახალ ინიციატივას დააანონსებს და საზოგადოების ყველა ჯგუფს გაერთიანებისაკენ მოუწოდებს.

„დღეს ყველანი შევიკრიბებით პარლამენტის წინ. ეს დღე იქნება ისტორიული სახალხო ერთობის ნიმუში. ამ დღეს ვამბობთ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა, ამიტომ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ დაბრკოლებები გადავლახოთ. დღეს აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ხელოვანები, მეცნიერები, სტუდენტები და ა.შ. ასევე, ევროპარლამენტის წევრები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. აქციას დავასრულებთ სამომავლო გეგმებზე საუბრით, რადგან 20 ივნისი არის შემოტრიალების წერტილი დემოკრატიზაციისკენ და ევროპისკენ. სამოქალაქო საზოგადოება დააანონსებს ახალ ინიციატივას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოების ყველა ჯგუფს გაერთიანებისაკენ”, – აღნიშნა გიორგი მჟავანაძემ.

თბილისის გარდა, დღეს, ამავე მიზნით მოქალაქეთა შეკრებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც – 18:00 საათზე ზუგდიდში, 19:00 საათზე ბათუმში და 15:00 საათზე ქუთაისში გაიმართება. ამასთან, მსგავსი შეკრებები ჩატარდება ევროპის ქალაქებშიც – ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში

Related posts

კომენტარის დამატება