სააკაშვილის ადვოკატი – ერთადერთი პრეცედენტია ისტორიაში, როცა პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის სამართლდება

ხვალინდელი პროცესი არის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო სასამართლო პროცესი. ერთადერთი პრეცედენტია ისტორიაში, როცა პრეზიდენტი სამართლდება საკუთარი ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის. ბუნებრივია, ეს არის სასაცილო ბრალდება ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ “ვივამედში” ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ აქვს სურვილი საკუთარ სასამართლო პროცესებში აქტიურად იყოს ჩართული, თუმცა სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა სავარაუდოდ, ამის უფლებას ვერ მისცემს.

“დღევანდელი შეხვედრის განხილვის ძირითადი თემა იყო ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დასწრების შესაძლებლობა და ექსპერტიზის მიმდინარეობა, რომლის მორიგი შეხვედრა დღეს არის დანიშნული. დღეს ველოდებით, რომ ექსპერტები კიდევ ერთხელ მოინახულებენ მიხეილ სააკაშვილს. ხვალინდელი პროცესი არის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო სასამართლო პროცესი. ერთადერთი პრეცედენტია ისტორიაში, როცა პრეზიდენტი სამართლდება საკუთარი ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის. ბუნებრივია, ეს არის სასაცილო ბრალდება. იმ პერიოდში, როცა საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის ბედი წყდება ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, ვინც დირიჟორობს ამ პროცესს მას ნამდვილად არ სურს საქართველოს დასავლურ კულტურაში ინტეგრაცია”,- განაცხადა თუთბერიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ცენტრ “ემპათიის” ექსპერტების მოთხოვნას, რომ ბრიტანელ ექსპერტს მისცემოდა ჩამოსვლის შესაძლებლობა, ამასთან დაკავშირებით ადვოკატმა განაცხადა, რომ საექსპერტო დაწესებულების ნებისმიერი გადაწყვეტილება კონკრეტული ექსპერტის მოწვევასთან დაკავშირებით არის მათი კომპეტენცია, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს მაქსიმალურად სანდო კვალიფიციური და სრულყოფილი ექსპერტიზის დასკვნა. სწორედ ამიტომ დავამყარეთ ურთიერთობა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამედიცინო საექსპერტო დაწესებულებასთან, ცენტრ “ემპათიასთან”, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში მაგავსი ექსპერტიზების წარმოდგენისა და ამასთან, საერთაშორისო არენაზე საქმის წარმოებისა. ბუნებრივია, საექსპერტო დაწესებულება პროფესიულ საკითხებზე ხშირად იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას , როგორიც არის კონკრეტული ექსპერტის არჩევა და მოწვევა. ბოლო რამდენიმეთვიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ პენიტენციური სამსახური დაინტერესებულია არა კვალიფიციური ექსპერტიზის ჩატარებაში, არამედ საინფორმაციო ვაკუუმის შექმნაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ და იმაში, რომ საზოგადოებამ მხოლოდ სახელმწიფოს ვერსია იცოდეს”,- განაცხადა თუთბერიძემ.

ადვოკატმა ასევე ისაუბრა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე დღეა უცვლელია და რამე რადიკალურ ცვლილებებს ვერ ხედავს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

Related posts

კომენტარის დამატება