საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა ტრენერთა გადამზადების კურსი გაიარეს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა ტრენერთა გადამზადების კურსი გაიარეს.

უწყების ცნობით, ტრენინგი, „ASB საქართველოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ბათუმში გაიმართა და მას საქართველოდან და სომხეთიდან შერჩეული მონაწილეები დაესწრნენ.

პროგრამის მიზანი სხვადასხვა ტიპის კატასტროფების, ბუნებრივი კატაკლიზმების და სტიქიური უბედურების დროს გადაუდებელი დახმარების ჯგუფების რეაგირების გაძლიერებაა.

„კურსის გავლის შემდეგ, გადამზადებული ინსტრუქტორები გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფებისთვის ტრენინგ პროგრამების ჩატარებას, საერთაშორისო გადაუდებელი დახმარების გუნდის მობილიზების, აღჭურვის, სამედიცინო რეაგირების და დემობილიზაციის შესახებ სწავლებას თავად შეძლებენ.

კურსს შვეიცარიიდან მოწვეული ტრენერები უძღვებოდნენ, რომლებსაც გადაუდებელი სიტუაციებისთვის, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

სასწავლო კურსი პროექტის „ერთად შევძლებთ – თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას საქართველოსა და სომხეთში” ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალური დირექტორატის (DG ECHO) მიერ არის დაფინანსებული,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Related posts

კომენტარის დამატება