სახდეპი: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს უჭერდა სეპარატისტული ეკლესიების ავტოკეფალიას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიების ავტოკეფალიის აღიარებას.

სახ.დეპი აცხადებს, რომ ფორმალურად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად მიიჩნევს.

„წყაროების ინფორმაციით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად მხარს უჭერდა სეპარატისტული ეკლესიების ავტოკეფალიის ამბიციებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან მათი ავტოკეფალიის ფორმალური აღიარების გარეშე“ – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერები ადგილობრივ ეკლესიას რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთებისკენ მოუწოდებდნენ. აფხაზეთში კი ზოგიერთი რელიგიური ფიგურა ემხრობოდა რეგიონის ავტოკეფალიურ ეკლესიად გამოცხადებას.

სახ.დეპის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური მსახურებები არალეგალურად მიიჩნია, თუმცა პრაქტიკაში დაუშვა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს რეგიონში შესვლა აუკრძალა.

სახ.დეპი ეყრდნობა დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციას, რომლის ცნობითაც, ეთნიკურად ქართველი მრევლი, ვინც თავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებენ, აფხაზეთში დისკრიმინაციას აწყდებოდნენ, ეთნიკურად აფხაზ მუსლიმებს კი ამგვარი გამოცდილება არ ჰქონიათ.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, ქართველი მართლმადიდებლებმა აფხაზეთში აღდგომისას ჩასვლა ვერ შეძლეს, რადგან 2020 წლის თებერვლიდან 2021წლის ივლისამდე ენგურის გამშვები პუნქტი კორონავირუსის პანდემიის გზა ჩაიკეტა. ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციებმა განაგრძეს შეზღუდვები გადაადგილებაზე საქართველოს დანარჩენ ნაწილთან.

საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ფუნქციურია მხოლოდ 5 სამღვდელოება და 1 ეკლესია.

2 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიში გამოაქვეყნა და საქართველოში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილა.

ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია საუბარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფარული ჩანაწერებია.

Related posts

კომენტარის დამატება