სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედანზე ეპატიჟება

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კრიტიკული რეზოლუციის მიუხედავად ევროპარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებები იმსახურებს დაკმაყოფილებას:

“ამ ყველაფრის მიუხედავად რჩება მცირე მაგრამ რეალური შანსი. მინდა ვთქვა რომ რეზოლუცია მძაფრ კრიტიკასთან ერთად ძალიან დადებითი მოწოდებით მთავრდება,  გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველო იმსახურებს მისი მოსახლეობის ლეგიტიმური მისწრაფებების დაკმაყოფილებას. არ არის ნეგატიური დასკვნა. ამ დროს ველოდებით კომისიის რეკომენდაცია დღითი დღეზე. თვის ბოლოს ევროპის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.რამდენიმე საფეხური და შანსი კიდევ არსებობს. ევროპარლამენტიდან და ევროკავშირიდანაც მოგვდის გზავნილები, რომ ყველაფერი დაკარგული არაა და იმედი უნდა შევინარჩუნოთ,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედანზე ეპატიჟება. მისი თქმით, 1-საათიან შეკრებაზე არ იქნება პოლიტიკური განცხადებები, შესაძლოა, ისმოდეს მხოლოდ მუსიკა. აქციის მიზანია, ქვეყანამ ევროპას დაანახოს ერთიანობა, საკუთარი მომავლის ხედვის თვალსაზრისით. 

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებსაც იწვევს. 

“მე რას გთავაზობთ – პირველ რიგში ერთიანობას. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს და ამიტომ ასევე გთავაზობთ და რაღაც “დეჟა ვუც” მაქვს, გთავაზობთ არა იპოდრომზე მოსვლას, არამედ 16 ივნისს შევიკრიბოთ ყველა ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა. დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება.ეს იქნება ერთად მდგომი საზოგადოება, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე. მე, თქვენ და ნებისმიერი, პოლიტიკური პარტიის ან ხელისუფლების წევრები, ყველა მოვა როგორც რიგითი მოქალაქე. იქ არ იქნება სიტყვები, განცხადებები, პლაკატები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა შეუძლია იმღეროს.დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა,რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ევროპა. ჩვენ გვინდა ის ღირებულებები და ის ნაწილი ევროპისა, რომელიც ჩვენთვის საჭირო და მისაღებია,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, მისი თქმით, ეს აქცია უნდა შედგეს 16 ივნისს 19:00 საათზე ერთი საათით.

Related posts

კომენტარის დამატება