საქართველომ აჯობა არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ კანდიდატ სახელმწიფოს – ნიკოლოზ სამხარაძისა და გიორგი ხელაშვილის სტატია Euractiv-ზე

ევროპული მედიაქსელის – Euractiv-ის გვერდზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძისა და თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის საავტორო სტატია გამოქვეყნდა.

ავტორები წერენ, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა არც ხელისუფლების ახირება იყო და არც უკრაინის მიმართ ევროპის მზარდი სიმპათიით ცინიკური სარგებლობა.

ნიკოლოზ სამხარაძე და გიორგი ხელაშვილი „ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის“ (CEPS) მიერ, უკრაინისა და მოლდოვას წევრობის განაცხადების შესახებ მომზადებულ კვლევებს ეხმაურებიან.

„ლოგიკურად, მოსალოდნელი იყო, რომ ასევე მომზადდებოდა კვლევა საქართველოს შესახებ, როგორც ასოცირების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების კუთხით „ასოცირებული ტრიოს“ ლიდერ ქვეყანაზე. გასაკვირია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, CEPS-მა გადაწყვიტა, მხოლოდ უზუსტობებითა და წინააღმდეგობებით გაჟღენთილი პუბლიკაციით შემოფარგლულიყო, რომელშიც ორი პატივცემული ავტორი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოთხოვნა ევროკავშირის წევრობაზე „საეჭვოა“. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს „პარადოქსად“ მოხსენიებით, ავტორებმა არჩიეს, უგულებელეყოთ მტკიცებულებები, დაყრდნობოდნენ ჭორებსა და ცალკეულ პოლიტიკურ აზრს პოლარიზებული ქართული პოლიტიკური დისკურსიდან“, – წერენ ნიკოლოზ სამხარაძე და გიორგი ხელაშვილი.

ავტორები საქართველოს მიღწევებს უსვამენ ხაზს.

„საქართველომ აჯობა არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ კანდიდატ სახელმწიფოს. მან, უმეტესწილად, აღმოფხვრა კორუფცია, უფრო დიდი წარმატებით, ვიდრე ეს ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ შეძლო, რასაც CEPS-ის ჯერ კიდევ გასულ წელს მომზადებული კვლევაც მოწმობს“, – აღნიშნავენ ნიკოლოზ სამხარაძე და გიორგი ხელაშვილი.

ისინი მიუთითებენ, რომ CEPS-ის მასალაში არგუმენტებსა და ფაქტებს შორის თანმიმდევრობა და მიზეზ-შედეგობრიობა ურთიერთსაპირისპიროა. ისინი ოპოზიციის საბოტაჟს უსვამენ ხაზს და აღნიშნავენ, რომ სწორედ ეს იყო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნის მიზეზი.

„ოპოზიციამ ძირი გამოუთხარა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის – შარლ მიშელის მცდელობებს, როდესაც უარი თქვა, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლის შუამავალიც შარლ მიშელი იყო“, – აღნიშნავენ სამხარაძე და ხელაშვილი.

ავტორები მიუთითებენ, რომ CEPS-ის მასალაში არაფერია ნათქვამი საქართველოს მთავრობის მიღწევებზე.

„საქართველოს დემოკრატიული მდგრადობა სრულად გამოვლინდა სახელმწიფო ინსტიტუტების უნარით, გამკლავებოდნენ 2020 წლის არჩევნების შემდგომ შექმნილ პოლიტიკურ ტურბულენტობას, ემართათ კოვიდპანდემია და, ბოლოს და ბოლოს, უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულ კატასტროფულ რეგიონულ ცვლილებებს მსხვერპლი არ მოჰყოლოდა და ამას დემოკრატიული პრაქტიკა არ შესწირვოდა“, – აღნიშნავენ ავტორები.

Related posts

კომენტარის დამატება