საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – ბათუმის პორტში შემოსული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი და მისი მფლობელი არ არის სანქცირებული, ტვირთის კონტროლი კი შემოსავლების სამსახურის კომპეტენციაა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ბათუმის პორტში შესული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი და მისი მფლობელი არ არის სანქცირებული.

მისი თქმით, გემზე არსებული ტვირთის კონტროლი შემოსავლების სამსახურის კომპეტენციაა.

„საქართველოში და საქართველოს ნავსადგურებში შემავალ ყველა გემთან მიმართებაში ორდონიანი სკრინინგი ტარდება – პირველზე პასუხისმგებელია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და შესაბამისი დეპარტამენტები ახორციელებენ როგორც გემის, ასევე გემთმფლობელის შემოწმებას სანქციებთან მიმართებაში და თუ გემი ან გემის მფლობელი არის სანქცირებული, მაშინ მას საქართველოს ნავსადგურებში არ ეძლევა შემოსვლის უფლება. რაც შეეხება ტვირთს, ტვირთთან მიმართებაში სკრინინგს ახორციელებს შემოსვლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი.

საქართველოში ნავსადგურები არის კერძო მფლობელობაში. აქედან გამომდინარე სახელმწიფო კომერციულ საქმიანობაში ვერ ერევა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო დონეზე საქართველოს გააჩნია შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი, რომელიც იცვლება საზღვაო ოპერაციების ეროვნულ ცენტრში. აღნიშნულ ინფორმაციას ვცვლით ყველა სახელმწიფო უწყება, ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული, რომ საქართველოს წყლებში – საქართველოს ნავსადგურებში უზრუნველყოფილი იქნეს, საზღვაო უშიშროება და პრევენცია შესაბამისი საფრთხეების.

ყველა გემთან მიმართებაში ჩვენი შესაბამისი დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის სკრინინგს. თუ გემი ან გემის მფლობელი იმყოფება სანქციების სიაში, ჩვენ ამ გემს არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში და შესაბამისად, ჩვენს ნავსადგურში შემოვიდეს. აღნიშნული გემი და არც გემის მფლობელი არ არის სანქცირებული. ტვირთთან დაკავშირებული საკითხები საზღვაო ტრანსპორტის კომპეტენციას ცდება, ეს არის შემოსავლების სამსახურის მანდატის ქვეშ“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

Related posts

კომენტარის დამატება