შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოძიების საგანია დაადგინოს , როგორ გადმოკვეთეს ძმებმა კაკულიებმა საზღვარი

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გამოძიების საგანია დაადგინოს, როგორ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი ძმებმა გუგა და დავით კაკულიებმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

“ძმები კაკულიები დაკავებულები არიან, წაყენებული აქვთ ბრალი, როგორც მკვლელობის მცდელობის, ისე საზღვრის უკანონო კვეთისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით. აღნიშნულ საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და ყველა ის გარემობა, რაც არის დაკავშირებული როგორც მათი მხრიდან საზღვრის გადმოკვეთასთან, ასევე დანაშაულის ჩადენასთან, მათ შორის, მკვლელობის მცდელობის, გამოკვლეული იქნება საქმის ფარგლებში. სწორედ გამოძიების საგანია დაადგინოს, როგორ გადმოკვეთეს მათ საზღვარი. ფაქტია ის, რომ ეს ხალხი დაკავებულია. ბრალი წაყენებული აქვთ საზღვრის უკანონო კვეთისთვის და ამ კონკრეტულ საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”,- განაცხადა დარახველიძემ.

რაც შეეხება დასმულ შეკითხვას ქვეყანაში ზოგადად კრიმინალის მატებაზე, როგორც შს მინისტრის მოადგილემ განმარტა, ციფრების მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში დანაშაულის კლება ფიქსირდება და გაზრდილია დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი.

“რაოდენობრივად იმაზე მეტი დანაშაულია გახსნილი,რაც წინა წლებში იხსნებოდა და შესაბამისი პირები მიეცემიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში”, – განაცხადა დარახველიძემ.

Related posts

კომენტარის დამატება