თავდაცვის სფეროში ქალების ლიდერობის თემაზე სემინარი გაიხსნა

კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირებისთვის ქალთა ლიდერობის თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. „ქალები თავდაცვის სისტემაში“ სემინარი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნა და თავდაცვის უწყებაში ქალების ლიდერობის მნიშვნელობაზე, უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) წარმომადგნელებიც. ვიდეოკონფერენციის საშუალებით მონაწილეებს მიმართა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენ ფელინმა.

„ორი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში ქალთა ლიდერობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქალებისთვის სამხედრო კარიერის განვითარების შესაძლებლობები და მათი აქტიური მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, გენედერულ საკითხებთან დაკავშირებით, ორგანიზაციული კლიმატის შეფასებისა და გენდერული აუდიტის შედეგებსაც გაეცნობიან.

სემინარის მიზანს თავდაცვის უწყებაში წამყვან მენეჯერულ რგოლთან ერთად სტრატეგიების შემუშავება წარმოადგენს ქალების მეტი ჩართულობისთვის. ღონისძიება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრისა (DCAF) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ტარდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Related posts

კომენტარის დამატება