თბილისში გამოქცეული აფხაზი ბლოგერის წინააღმდეგ სოხუმში საქმე ღალატის მუხლით აღძრეს

თბილისში გამოქცეული აფხაზი ბლოგერის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში ღალატის მუხლით აღძრეს. ეხო კავკაზას ინფორმაციით, დაურ ბუავას წინააღმდეგ საქმე 19 მაისს აღიძრა.

დაურ ბუავა თბილისში ტყვარჩელიდან 2021 წელს ჩამოვიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ის TikTok-ზე ავრცელებდა ვიდეოებს ქართველებისა და აფხაზების მეგობრულ ურთიერთობებზე.

დე ფაქტო რეჟიმის მტკიცებით, ბუავა TikTok-ით ავრცელებდა ვიდეოებს, რომელიც მიმართული იყო “სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების” წინააღმდეგ. ბლოგერი ფორმულასთან ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმის აღძრას მოელოდა.

“მე მინდა, ჩვენმა ხალხმა საერთო ენა იპოვონ და ურთიერთობა განაახლონ. რატომ აღძრეს საქმე ჩემზე? გაირკვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობს მთავრობა, რომელსაც არ სჭირდება ჩვენი ხალხის ურთიერთობა და ქართველებისგან მტრის ხატს ქმნის. ჩემი აქ ყოფნა და ურთიერთობა ხაზს უსვამს იმას, რომ ქართველები ჩვენი მტრები არ არიან. ამის გამო არ ვარ მისაღები [აფხაზეთის ე.წ. მთავრობისთვის]. TikTok-ზე ვაფიქსირებდი, რომ ვხედავ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს ფარგლებში. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ აფხაზეთი იყოს რუსეთი”, – ამბობს ბუავა ფორმულასთან.

Related posts

კომენტარის დამატება